ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში 2014

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

დიმა ჩიკვაიძე

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა მეორე რაუნდში გერმანელი ალექსანდრ ვიცზერზაკი გაფრთხილებით დაამარცხა, შემდეგ კი რუს სირაჟუდან მაგომედოვს იპონით სძლია. 

მეოთხედფინალში, ავთანდილ ჭრიკიშვილის მეტოქე ქართული წარმოშობის ბერძენი ძიუდოისტი რომან მოსტოპულოსი იყო, რომელსაც ქართველმა გაფრთხილებით სძლია, შემდეგ კი ნახევარფინალში ბელორუსი ალიაკსანდრ სტაიშენკა დიდი უპირატესობით დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში, ჭრიკიშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ ლუის პიეტრს იპონით სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ, მეორედ მოიპოვა.

დღესვე, ჩემპიონატზე ორმა ქართველმა სპორტსმენმა - ზებედა რეხვიაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა იასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ.

26 აპრილს, ევროპის ჩემპიონატზე 5 ქართველი სპორტსმენი იჭიდავებს: 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური გამოვლენ, 100-ში გურამ თუშიშვილი, მძიმე წონაში კი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი იჭიდავებენ.

კომენტარები