საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

აბაშიძე: რუსეთის და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა პრინციპში საჭიროა

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრას საჭიროდ მიიჩნევს. თუმცა, როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს დღეს უთხრა, საკითხი პრაქტიკულ ჭრილში ჯერ არ განიხილება.

“შეხვედრის მზადყოფნა ორივე მხარემ დაადასტურა. პრინციპში, ასეთი შეხვედრა საჭიროა, მაგრამ პრაქტიკულ ჭრილში ეს საკითხი ჯერ არ განიხილება. ასეთ შეხვედრას დასჭირდება ძალიან კარგი მომზადება, რათა მართლაც გამოიღოს რეალური შედეგები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ყველაზე უფრო გვაწუხებს”, - განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არ არის საუბარი არც იმაზე, თუ ვინ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს - საქართველოს პრეზიდენტი თუ პრემიერი.

“ყველაფერს გულახდილად გაიგებთ, როცა ამაზე იქნება საუბარი”, - თქვა აბაშიძემ.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, სოჭში, ჟურნალისტებმა ვლადიმირ პუტინს ჰკითხეს, შეხვდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტს. მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

გიორგი მარგველაშვილმა მაშინ თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს. მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

გუშინ კი, საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ "რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მომზადების სამუშაო არ დაწყებულა". მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის მზაობა იქნება, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისთვის მზად არის. 

"პოზიცია იგივეა, რაც იყო პირველივე კომენტარის დროს, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ თუ არის მზაობა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრისა, რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრების. იმის მერე, რეალურად, ასეთი საკითხების არც ნუსხა არ შექმნილა, არც ნაბიჯები არ გადადგმულა იმისთვის, რომ ასეთი საკითხების მიმართ მომზადდეს შეხვედრა", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები