ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო ყველა მენიუს შესწორების მიზნით წინასწარ გამოაქვეყნებს

mof.gov.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუები წინასწარ გამოქვეყნდება, "რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია".

სამინისტროს განცხადებით, "მიზანმიმართულად არ სრულდება საუბარი უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე", სწორედ ამიტომ, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წინასწარ აქვეყნებს ოფიციალური მიღების მენიუს და სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი შეხედულებებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები.

ფინანსთა სამინისტრომ პირველ ჯერზე, იმ ოფიციალური მიღების წინასწარი მენიუ გამოაქვეყნა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში გაიმართება. უწყების განცხადებით, "გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით, სამინისტრო გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში - არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს".

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში განხილვის თემაა ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები მიღებებსა და ბანკეტებზე.

კომენტარები