რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კარასინი: ჯერ-ჯერობით რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს

გრიგორი კარასინი

დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის განუცხადა

"ტრადიციულად, ვიზების საკითხი მწვავედ დგას, რადგან, როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დღეს კი ასეთი ვითარებაა - დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების სრული ლიბერალიზაცია ნაადრევია. თუმცა, ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ იმ პირთა კატეგორია, რომლებიც რუსულ ვიზებს იღებენ" - აღნიშნა კარასინმა.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ იძულებულები ვიყავით აღგვენიშნა, რომ მიუხედავად საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდისა, რჩება დაბრკოლებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გამო. ამ კანონის გაუქმება, რა თქმა უნდა, ჩვენი ტურისტების რაოდენობას საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდიდა", - განაცხადა კარასინმა. 

კომენტარები