რაგბი

მოსალოდნელი და მოულოდნელი წარმატების ამბავი

2002 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 17:13 დაამარცხა და ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ბორჯღალოსნებმა 2003 წელს ავსტრალიაში პირველად გაიგეს პლანეტის უდიდესი ტურნირის გემო და, ამასთან ერთად, გახდნენ გუნდურ სახეობებში საქართველოს ისტორიაში პირველები, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა შეძლო. სამწუხაროდ, დღემდე ასეა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გარდა, სხვა ქართული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გვინახავს.

ბორჯღალოსნებმა წარმატებებს მიგვაჩვიეს და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ექვსი უძლიერესი გუნდის შემდეგ (ინგლისი, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია), ქართველებზე ძლიერი ნაკრები არავის ჰყავს. 2003-ის შემდეგ, იყო 2007-ის და 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატები და არცერთს ჩვენ გარეშე არ ჩაუვლია. თუ სადებიუტო ტურნირისას ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ოთხივე მატჩი დათმეს, ოთხი წლის შემდეგ საფრანგეთში, მსოფლიოს პირველობაზე ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმეს – ნამიბიის ნაკრები 30:0 დაამარცხეს. როდესაც 2007 წლის ჩემპიონატს ვახსენებთ, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ირლანდიის წინააღმდეგ ქართული გუნდის მიერ ნათამაშებ შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მორაგბეებმა კელტებთან მატჩი ანგარიშით 14:10 დათმეს, გარკვეული დროის განმავლობაში ამარცხებდნენ კიდეც ძლიერ მეტოქეს და, საერთო ჯამში, ძალიან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. გიორგი შკინინის მიერ ამ შეხვედრაში დადებული ლელო კი უამრავი ქართველისთვის დღემდე რჩება შესანიშნავ მოგონებად.

მსოფლიო თასი ინგლისი - საქართველო. 2011
ფოტო: AFP
2011 წელს საქართველომ წინა ჩემპიონატის შედეგი გაიმეორა და ერთადერთი მოგებით დაკმაყოფილდა. ბორჯღალოსნებმა მაშინ რუმინეთის გუნდი დაამარცხეს და საგულისხმოა, რომ წლეულს, 15 მარტს, სწორედ ამ ორი ნაკრების დაპირისპირებისას გადაწყდა, მსოფლიოს თასზე თუ ვინ რომელ ჯგუფში მოხვდებოდა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ანგარიშით 22:9 დაამარცხეს და დაადგინეს, რომ 2015-ში ინგლისში, ჯგუფში ახალ ზელანდიას შეხვდებიან. ეს უდიდესი მოვლენაა ნებისმიერი, არამხოლოდ მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნისთვის. სწორად აღნიშნა მატჩის შემდეგ ირაკლი მაჩხანელმა, როდესაც თქვა, რომ All Blacks-თან დაპირისპირება სცილდება უბრალო 80-წუთიან თამაშს – ეს ზოგადად ქართული რაგბისთვის იქნება უაღრესად სასარგებლო. რუმინეთის ძლევით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასი უკვე მეშვიდედ მოიპოვა და, ამასთან, ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთრა.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გაირკვა – ნოემბრის თვეში ირლანდიის ძლიერი გუნდი სატესტო მატჩში ბორჯღალოსნებს შეხვდება. ეს ის არის, რაც საქართველოს ნაკრებს ასე აკლია – სპარინგი ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ამას მგონი ყველა ხვდება, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ყველა არ აღიარებს, რომ ქართველი მორაგბეები უკვე სხვა, ბევრად მაღალ დონეზე იმყოფებიან, ვიდრე ისინი, ვის წინააღმდეგაც ერთა თასისას უწევთ თამაში. ამავეზე აქვთ პრეტენზია რუმინელებსაც, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ამბიცია უფრო საფუძვლიანია. გავიხსენოთ, რა გზა გაიარა ქართულმა რაგბიმ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მივხვდებით, თუ რა პროგრესთან გვაქვს საქმე. 90-იან წლებში სპორტის ამ სახეობით მხოლოდ ერთეულები თუ იყვნენ დაკავებულნი, ახლა კი საქართველოში რამდენიმე ათასი მორაგბე თამაშობს ამა თუ იმ დონეზე.

ეროვნული ჩემპიონატი უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზები – ფინანსები. ამის მიუხედავად, ქართულ კლუბებში გაიზარდა ბევრი ისეთი მოთამაშე, ვინც დღეს ევროპის საკმაოდ სოლიდურ კლუბებში თამაშობს. წელს სიტუაცია გამოსწორდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014-2016 წლებში, რაგბის განვითარებას სახელმწიფო 33 მილიონ ლარს მოახმარს. გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნებათ პირველი ლიგის გუნდებს. ეს ნამდვილად სასიხარულო ამბავია და იმედია, რაგბის კავშირი არანაკლები წარმატებით გააგრძელებს მუშაობას მომავალში.

რაც შეეხება 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს, იქამდე ჯერ ადრეა. იგივე თქვა ბორჯღალოსნების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა – მსოფლიოს თასამდე ბევრი გვაქვს სამუშაო და დასახვეწიო. დღეის მონაცემებით ვიცით, რომ ინგლისში ჩვენი მეტოქეები, ახალი ზელანდიის გარდა, არგენტინის, ტონგას და აფრიკის ზონის პირველადგილოსანი გუნდი იქნებიან. დროა, წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი – ერთი მოგება. ორად იქცეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ქართველთა მიზანი ბრიტანეთში. არგენტინის დამარცხება, ცოტა არ იყოს, ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენს ამბიციებსა და შესაძლებლობებს ცოტაოდენ სუბიექტურობასაც თუ დავუმატებთ, სადაც ტონგა და აფრიკის ზონის გამარჯვებული, იქვე პუმების დამარცხება და ჯგუფიდან გასვლაც შეგვიძლია ვისურვოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველებისთვის რაგბი სპორტის ის სახეობაა, სადაც მუდამ იმედიანად ვართ და ეს იმედი ადეკვატურია.

თუკი მორაგბეები გუნდურ სახეობებში ქვეყნის ერთპიროვნული ლიდერები არიან, მოდი, ჩავყვეთ სიას, თუ ვინ შეიძლება რეიტინგში მათ შემდეგ მოდიოდეს. ეს ხუმრობით, რადგან არანაირი რეიტინგი რეალურად არ არსებობს. სიაში მეორე გუნდი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებია. ევრობასკეტის საგზური იგორ კოკოშკოვის გუნდმა ზედიზედ ორჯერ – 2011 და 2013 წლებში მოიპოვა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ კალათბურთელებისგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გულშემატკივარი ამიერიდან მუდმივად მოითხოვს. სამწუხაროა, მაგრამ მორაგბეებს და კალათბურთელებს მხარს ფეხბურთელები ვერა და ვერ უბამენ, არადა, დაფინანსების ოდენობას თუ გადავხედავთ, უკვე წლებია, ქართული ფეხბურთი ყველაზე დიდ დახმარებას იღებს.

დღეის მონაცემებით ვიცით, რომ ინგლისში ჩვენი მეტოქეები, ახალი ზელანდიის გარდა, არგენტინის, ტონგას და აფრიკის ზონის პირველადგილოსანი გუნდი იქნებიან. დროა, წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი – ერთი მოგება, ორად იქცეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ქართველთა მიზანი ბრიტანეთში.

დაფინანსება ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ფეხბურთის შემდეგ, რაგბი და კალათბურთი, ძიუდოსთან ერთად, სახელმწიფოსგან ყველაზე დიდ დაფინანსებას იღებენ. თუ რამდენს ნიშნავს მატერიალური სახსრები სპორტში, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ამ წერილის მთავარი თემა არც არის. უბრალოდ, ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როდესაც საუბარი ქართულ წყალბურთს ეხება. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რომ დღეს არსებობს, ეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების ენთუზიაზმის დამსახურებაა. თავისუფლად შეიძლებოდა, დღეს საქართველოს სპორტის ამ ჩვენთვის ტრადიციულ სახეობაში ეროვნული გუნდი არ ჰყოლოდა. მოკლედ, რატომ ვსაუბრობთ წყალბურთზე – 2014 წელს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა!

რატომ არის ეს ფაქტი მნიშვნელოვანი: გარდა მარტივი თვალსაზრისისა, რომ ევროპის ყველაზე დიდ სპორტულ ფორუმზე ქვეყნის სახელით მოასპარეზე გუნდის არსებობა კარგია, აუცილებლად ხაზგასასმელია ის, თუ როგორ პირობებში მიაღწიეს წყალბურთელებმა ამ წარმატებას და, საერთოდ, რამდენად რთულია ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.

სამწუხაროდ, დღეს წყალბურთი საქართველოში ფართოდ ისეთი პოპულარული აღარ არის, როგორც 30-40 წლის წინ, ამიტომ საინტერესო იქნება მოკლედ გავიხსენოთ, თუ რა ისტორია აქვს სპორტის ამ სახეობას საქართველოში.

საბჭოთა პერიოდში, საქართველო წყალბურთში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ითვლებოდა. სხვადასხვა დროს საბჭოთა რესპუბლიკების მთავარ გუნდში უთამაშიათ ოთარ მიმინოშვილს, ირაკლი ჩხიკვაძეს, ვლადიმერ ისელიძეს, დავით რურუას, მიხეილ გიორგაძეს, ნოდარ კურტანიძეს და სხვებს. ეგ კი არა, ნოდარ გვახარიამ 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს, ხოლო ლერი გოგოლაძემ და გივი ჩიქვანაიამ 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ეს შედეგი ჩიქვანაიამ 8 წლის შემდეგ მექსიკის ოლიმპიადაზეც გაიმეორა. ქართველი წყალბურთელების ძალა მოსკოვში კარგად იცოდნენ, რაც უპირველესად ჩვენებურების მიერ სპარტაკიადებზე წარმატებული ასპარეზობის დამსახურება იყო. ამას გარდა, ქართველები ყოველწლიურად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატშიც იღებდნენ მონაწილეობას, სადაც ტრადიციულად მოწინავეთა შორის იყვნენ და არც სპორტსაზოგადოება დინამოს ცენტრალური საბჭოს ჩემპიონატებს აკლდებოდნენ.

ტრიუმფალური ქართველებისთვის იყო 1979 წლის სპარტაკიადა, რომელიც მოსკოვის ოლიმპიური თამაშების წინ გაიმართა. აქედან გამომდინარე, მოსკოვში მიიღეს გადაწყვეტილება, სპარტაკიადა „მცირე ოლიმპიური თამაშების" სახით ჩაეტარებინათ. საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების გარდა, ტურნირში მონაწილეობა ესპანეთის, ავსტრალიის, იუგოსლავიის, რუმინეთის ნაკრებებმა მიიღეს. ქართველებმა ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, რაც დიდწილად მსაჯის არაობიექტურობის დამსახურება იყო.

შემდგომში, მოხდა თაობათა ცვლა, წარმატებებმა შედარებით იკლო, მაგრამ მე-3 ან მე-4 ადგილი ქართველი წყალბურთელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რაც პატარა საქმე სულაც არ იყო, რადგან მოსკოვისა და კიევის გუნდები საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებით იყვნენ დაკომპლექტებულები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაფერი გაჩერდა... შეიძლება ითქვას, რომ 90-იან წლებში წყალბურთი ქვეყანაში ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდა. არ არსებობდა ეროვნული ჩემპიონატი, დაიშალა რეგიონებში არსებული გუნდები და სპორტის ეს სახეობა მასზე შეყვარებული ენთუზიასტების იმედად დარჩა.

სიტუაცია უკეთესობისკენ 2000-იანი წლებიდან შეიცვალა. გამოჩნდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც ქვეყნის შიდა ჩემპიონატის მძიმე მდგომარეობის გამო, სათამაშოდ უკრაინასა და რუსეთში წავიდნენ. საბოლოოდ, ეს მათთვის და შემდგომში საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ყურადღება წყალბურთმა სახელმწიფოს მხრიდან 2009 წელს იგრძნო. შედარებით გაიზარდა დაფინანსება, ჩამოყალიბდა ნაკრები, მოხდა მოთამაშეთა ნატურალიზაცია. ეს აუცილებელი იყო, რადგან გამოცდილმა ბალკანელმა წყალბურთელებმა ახალგაზრდა ქართველებს ბევრი რამ ასწავლეს და დღეს, შედეგად მივიღეთ ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ნატურალიზებულთა დონეს ქართველები არ ჩამოუვარდებიან.

ქართველმა წყალბურთელებმა 2014 წლის 14-27 ივლისს უნგრეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი შესარჩევი ტურები თბილისში, მალტაზე და პორტუგალიაში წარმატებით გაიარეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის გუნდს მეტოქედ თურქეთის საკმაოდ ძლიერი გუნდი ერგო. იმ პირობებში, როდესაც ნაკრებს სავარჯიშოდ აუცილებელი საკუთარი სტანდარტული აუზიც კი არ აქვს, თურქული ბარიერის გადალახვა ურთულეს ამოცანად ჩანდა.

პლეი-ოფის ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართა. ქართველებმა მეტოქე ანგარიშით 8:4 დაამარცხეს, რაც სასიხარულო იყო, თუმცა მოდუნების უფლებას არ იძლეოდა. თურქეთში ისელიძის გუნდმა მატჩის პირველი ტაიმი 6:5 მოიგო და ყველაფერი ჩვენთვის სასურველი სცენარით მიდიოდა. ამ შეხვედრაში ქართველი წყალბურთელების მისია იყო, რომ მინიმუმ 3-ზე მეტი ბურთის სხვაობით არ წაეგოთ. მატჩის მესამე პერიოდში მასპინძლები წინ გავიდნენ – 9:7. ამის შემდეგ, სიტუაცია დრამატული გახდა. თურქების უპირატესობა უკვე აშკარა იყო, ანგარიში 12:9 გახდა, შეხვედრის დასრულებამდე კი წუთზე ნაკლები რჩებოდა. საბოლოოდ, ქართველებმა ზეწოლას გაუძლეს და მეტოქეს მეტის გატანის საშუალება არ მისცეს, რითიც ისტორიული შედეგი დააფიქსირეს – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ქვეყნის ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ქართველების მეტოქეთა ვინაობა უკვე ცნობილია. ისელიძისა და პოპოვიჩის გუნდი ჩერნოგორიის, იტალიის, საბერძნეთის, რუსეთისა და რუმინეთის ნაკრებებს შეხვდება. წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდები არ არსებობენ და ასეც რომ არ იყოს, ქართველებისგან ევროპირველობაზე რაიმე შედეგის მიღწევის მოთხოვნა სწორი არ იქნება. იმედია, ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზებენ და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმ გამოცდილებას შეიძენენ, რომელიც სამომავლოდ ძალიან გამოადგებათ. მორაგბეებისგან წარმატებებს ხომ მივეჩვიეთ, ჰოდა, იმავეს ველით მომავალში უკვე წყალბურთელებისგან – ჩვენ ხომ მაქსიმალისტები ვართ...

ბოლოს კი ერთი სურვილიც დავიტოვოთ, რომ ქვეყნის სახელით მოასპარეზე გუნდს, რომელიც რთულ პირობებში ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ახერხებს, ბევრად მეტ ყურადღებას მიაქცევენ. დღეს, ნაკრები ყოფილი წყალბურთელის კეთილი ნების წყალობით ვარჯიშობს აუზზე, რომელიც მისი არ არის, და მოთამაშეებიც ასევე ყოფილი წყალბურთელის მიერ შეძენილი ეკიპირებით ასპარეზობენ. ვისაც ეს ეხება, აუცილებლად უნდა დაფიქრდეს ამ ყველაფერზე. ბიჭებმა თავისი გააკეთეს, ახლა ჯერი თქვენზეა!

კომენტარები