მსოფლიო

რუსეთი საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ

უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებულმა მოვლენებმა, სადაც რუსეთმა შელახა უკრაინის სუვერენიტეტი და ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულის დამოუკიდებლობა აღიარა, შემდეგ კი მისი ანექსიაც მოახდინა, ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. არაერთი ოფიციალური პირისა თუ ექსპერტის მიერ ყირიმის კრიზისი ცივი ომის შემდეგ მოქმედი საერთაშორისო წესრიგისთვის ყველაზე დიდ გამოცდად შეფასდა.

თუმცა, რუსეთის ქმედებების მიზნად მხოლოდ საერთაშორისო თამაშის წესებში ცვლილების შეტანის ან უბრალოდ ტერიტორიული თუ გავლენის სფეროს გაფართოების სურვილის მიჩნევა შეცდომა იქნება. ყირიმის მოვლენები ცხადყოფს, რომ რუსეთს როგორც ექსპანსიონისტური, ასევე რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკა აქვს. ერთი მხრივ, ცდილობს ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებზე პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა საშუალებით საკუთარი გავლენა დაამყაროს, რაც ექსპანსიონიზმისთვისაა დამახასიათებელი.

მეორე მხრივ კი, ამ პოლიტიკის წარმატების შემთხვევაში, ის თავს საერთაშორისო არენაზე უფრო წონიან მოთამაშედ წარმოაჩენს, რომლის სახითაც მსოფლიოს უფრო დიდი ნაწილი ილაპარაკებს. შესაბამისად, მისი აზრიც უფრო ანგარიშგასაწევი გახდება, პრეტენზიები კი – უფრო მეტად ლეგიტიმური. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო წესრიგისადმი რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოხატულებაა.

საფრთხეები საერთაშორისო წესრიგისთვის

ყირიმში რუსეთის ქმედებებმა საერთაშორისო ქცევის წესებსა და მოქმედ საერთაშორისო რეჟიმებს ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით შეურყია საფუძველი. ასევე, ხელახალი განხილვის საგანი გახადა საერთაშორისო სისტემაში მთავარი მოთამაშეების როლი და სისტემის ხასიათი. ყირიმის კრიზისმა აჩვენა, რომ სისტემა კიდევ უფრო მეტად გადაიხარა მულტიპოლარიზმისკენ, რისი მიღწევაც რუსეთის დეკლარირებული მიზანია.

ამგვარ გარდაქმნას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, საერთაშორისო სისტემაში ძალთა ბალანსის ცვლილება: ერთი მხრივ, რუსეთის გაძლიერება – სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, რუსეთის მთავარ საექსპორტო პროდუქტზე – ენერგეტიკულ რესურსებზე ფასების ზრდის შედეგად მიღებული მეტი შემოსავალი და ა.შ. მეორე მხრივ, ამ ცვლილების მიზეზი შესაძლოა, იყოს აშშ-ის მიერ საერთაშორისო პოლიტიკაში გამოვლენილი გარკვეული უკან დახევა, პასიურობა, რამაც რევიზიონისტული ძალებისთვის საკუთარი ინტერესების გასატარებლად მეტი სივრცე გააჩინა.

შესაბამისად, რუსეთის მცდელობებზე დასავლეთის პასუხი დიდწილად განსაზღვრავს, თუ რამდენად შორს შეძლებს ის წასვლას ამ პოლიტიკის გატარებისას. ამავე საკითხზე ბოლო პერიოდში, ალბათ, ყველაზე ხშირად მოხმობილი ისტორიული პარალელი 1930-იან წლებში რევიზიონისტი და ექსპანსიონისტი გერმანიის მიმართ დასავლეთის „დაშოშმინების“ პოლიტიკას ეხება, რომელმაც ისინი მსოფლიო ომამდე მიიყვანა. აქტუალურია ყირიმის სუდეტებთან შედარება, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რუსეთის ქმედებებზე ევროპის რეაქციის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მას ყირიმის „ანშლუსი“ არ უნდა შერჩეს.

გარდა იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩარევით, ყირიმის აღიარებით და შემდეგ შეერთებით მორიგ ჯერზე უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ცნებები, მისმა ქმედებებმა, ასევე, კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ საერთაშორისო შეთანხმებების შესრულების საკითხი. ბუდაპეშტის მემორანდუმით, 1994 წელს ბირთვული იარაღის ჩაბარების სანაცვლოდ, სწორედ რუსეთი გახდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად უკრაინის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი. ახლა კი შეიქმნა ვითარება, როდესაც უკრაინის ფუნდამენტურ ინტერესებს სწორედ მისი ერთ-ერთი გარანტი ხელყოფს, დანარჩენი ორი ქვეყანა კი უძლურია, შეასრულოს საკუთარი ვალდებულება.

ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევა საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებასაც უქმნის. ის ასუსტებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკას, რომელიც ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი არის. მართლაც, ამ ვითარებაში სულ უფრო ძნელი ხდება ქვეყნების დარწმუნება, რომ მათ საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთ ყველაზე სანდო საშუალებას – ბირთვული იარაღის შექმნას არ მიმართონ. ეს მდგომარეობა, ასევე, არაწონადს ხდის ნებისმიერ გარანტიას, რომელიც ქვეყანამ შესაძლოა, ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავის შეკავების სანაცვლოდ მიიღოს.

უკრაინის მაგალითი შესაძლოა, ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების ბიძგი აღმოჩნდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საკუთარ უსაფრთხოებას საკმარისად დაცულად არ მიიჩნევენ ან, სულ მცირე, რეგიონულ დონეზე ლიდერობის ამბიცია აქვთ. ამ ვითარებას შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, სადაც, ახლახან, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ გარკვეული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა. თუმცა, ირანი ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც თავის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა, შესაძლოა, გადახედოს. ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დაწყების ამბიცია შეიძლება არაბულმა ქვეყნებმაც გამოთქვან, რომლებიც თავიანთ ამ ნაბიჯს ისრაელისგან თავდაცვის საბაბით გაამართლებენ.

ასეთი ვითარება არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიზანი გარკვეული საერთაშორისო რეჟიმების რღვევაა. პირიქით, მათი შენარჩუნებით რუსეთიც ისევეა დაინტერესებული, როგორც სხვა მოთამაშეები. უფრო მართებული იქნება ვარაუდი, რომ რუსეთის პოლიტიკის მიზანი საერთაშორისო წესრიგის გადახედვაა, სადაც მას, როგორც კრემლში მიიჩნევენ, ამჟამად არასაკმარისი წონა აქვს. რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის თანახმად, მათთვის მისაღები საერთაშორისო წესრიგი მრავალპოლუსიანი სისტემის ფორმირებას გულისხმობს, სადაც ერთ-ერთი პოლუსი რუსეთი იქნება.

„წითელ ხაზს“ მიღმა

ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგით რუსეთი კმაყოფილი არასოდეს ყოფილა. მისი მხრიდან ხშირი იყო დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გადაწყვეტილებების ცალმხრივად ან გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით მიღების გამო. რაც უფრო ძლიერდებოდა რუსეთის პოზიციები საერთაშორისო არენაზე, მით უფრო აქტიურად დგებოდა დღის წესრიგში ამ ვითარების შეცვლა. ამას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რამდენიმე ცნობილი გამონათქვამიც მოწმობს.

2005 წელს მან საბჭოთა კავშირის დაშლას საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა, რომელიც რუსებისთვის ნამდვილ დრამად იქცა, რადგან მათი ათეულობით მილიონი თანამოქალაქე და თანამემამულე რუსეთის ტერიტორიის მიღმა დარჩა. 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების 42-ე კონფერენციაზე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა ღია უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ დასავლეთი რუსეთის პოზიციას სათანადო ანგარიშს არ უწევდა. მისი მთავარი გზავნილი სწორედ არსებული წესრიგის გადახედვის აუცილებლობა იყო.

2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა ჯორჯ ბუშს განუცხადა, რომ უკრაინა ქვეყანაც კი არაა და იმ შემთხვევაში, თუ ის NATO-სთან ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ წარმატებას მიაღწევდა, იგი ყირიმის ანექსიით იმუქრებოდა. ბუქარესტის სამიტის შედეგებთან იყო დაკავშირებული საქართველოსთან 2008 წლის ომიც, სადაც, როგორც ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ივან კრასტევი აღნიშნავს, რუსეთმა დასავლეთისთვის წითელი ხაზი გაავლო, რომლის გადაკვეთასაც არ დაუშვებდა. ყირიმის კრიზისისას კი რუსეთმა დასავლეთის მიერ გავლებული წითელი ხაზების გადაკვეთის მზადყოფნა აჩვენა. თუმცა, ჯერჯერობით ბუნდოვანია, სად გადის დასავლეთისთვის წითელი ხაზი.

ამის მიზეზი ისიცაა, რომ ყირიმთან დაკავშირებით მოსკოვის გადაწყვეტილებები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თამამი, მოულოდნელი და, ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ირაციონალურიც კი იყო. ასეთ ვარაუდს საფუძველი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებამაც გაუმყარა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი „სხვა სამყაროშია“. პუტინის მოქმედებებს სკოტ რადნიცი „ირაციონალურობის რაციონალურობის“ კონცეფციით ხსნის.

კერძოდ, მისი ვარაუდით, რუსეთი დასავლეთს ე.წ. წიწილას თამაშს ეთამაშება, როცა ორი მძღოლი ერთმანეთის მიმართულებით სრული სისწრაფით მოძრაობს და თუ ერთ-ერთი არ გადაუხვევს, შეჯახება გარდაუვალია. თამაშში გამარჯვებული, ცხადია, ისაა, ვინც საკმარისად თამამია იმისთვის, რომ უკან დახევაზე არც იფიქროს. ამ გაგებით, რუსეთის პრეზიდენტს ხელს აძლევს ირაციონალური ლიდერის იმიჯი, რომელიც საკუთარი თავზეხელაღებულობით დასავლეთს დათმობაზე წასვლას აიძულებს. ამ გზით კი მას საერთაშორისო წესრიგში თავის სასარგებლოდ ცვლილებები შეაქვს.

ყირიმის „განსაკუთრებული მნიშვნელობა“

რუსეთისთვის ყირიმის „განსაკუთრებული მნიშვნელობით,“ რაზეც აქცენტს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აკეთებს, მას საერთაშორისო პოლიტიკაში გავლენის სფეროების ცნება ხელახლა შემოაქვს. ამ კატეგორიებით მსჯელობა ცივი ომის პერიოდის მახასიათებელი იყო და მისი შემდგომი წესრიგისთვის მიუღებლადაა მიჩნეული. თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ მეზობლების ბუფერებად და საკუთარ „უკანა ეზოებად“ განხილვა, მათ საქმეში უხეში, ხშირად პირდაპირი სამხედრო ჩარევა, როგორც ჩანს, ტენდენციის სახეს იღებს. აქაც ჩნდება ცივი ომის ასოციაცია, როდესაც საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური სახელმწიფოების სუვერენიტეტს ფორმალურად აღიარებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ჩარევას არ ერიდებოდა.

რუსეთის პოლიტიკაში მსგავსებების პოვნა უფრო შორეულ წარსულშიც შეიძლება. ყირიმში მისი მოქმედებები აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მე-19 საუკუნის პოლიტიკას შეადარა, როდესაც საკუთარი სამხედრო, სტრატეგიული, პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებით მოტივირებული ომის შესანიღბად წინასწარ შეთხზული ფორმალური მიზეზი გამოიყენებოდა.

ისტორიას ყირიმის რამდენიმე ომი ახსოვს, მათ შორის, მე-19 საუკუნეში, 1853-56 წწ. მომხდარიც, რომელშიც რუსეთი ოტომანთა იმპერიის, ინგლისისა და საფრანგეთის ალიანსთან დამარცხდა. ომის მაშინდელი რეალური მიზეზი რუსეთის სამხრეთისკენ გაფართოების სწრაფვა და კონსტანტინოპოლსა და შავი ზღვის სრუტეებზე გავლენის მოპოვების სურვილი იყო, ფორმალურ საბაბად კი ოტომანთა იმპერიაში მცხოვრები ერთმორწმუნეების ბედი სახელდებოდა.

ამჟამად რუსეთისთვის ყირიმის „განსაკუთრებული მნიშვნელობაც“ კვლავ სამხედრო-სტრატეგიული მიზეზებით შეიძლება აიხსნას. კერძოდ, როგორც ერთ-ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, შავი ზღვის ფლოტი სამხრეთის „თბილ ზღვებში“ მისი ერთადერთი საყრდენია, რომლის გარეშეც რუსეთი დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს (Great Power) სტატუსს გამოემშვიდობება.

რუსეთისთვის სასურველი მსოფლიო წესრიგი ასახულია მისი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშიც. დოკუმენტში საუბარია ახალი მსოფლიო მოწყობის შესახებ, სადაც მულტიპოლარულ სისტემაში ერთ-ერთი პოლუსი სწორედ რუსეთია. რეგიონულ პრიორიტეტებში კი სხვა საკითხებთან ერთად ხაზგასმულია დსთ-ში უკრაინასთან, როგორც პრიორიტეტულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება, მისი თანამშრომლობაში ჩართვა და ინტეგრაციის გაღრმავება. რუსეთისთვის უკრაინის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ მიუთითებდა ზბიგნევ ბჟეზინსკიც. იგი აღნიშნავდა, რომ რუსეთს შეუძლია იყოს იმპერია ან დემოკრატია, მაგრამ არა ორივე ერთდროულად. მისი აზრით, უკრაინის გარეშე რუსეთი იმპერია ვერ იქნება, უკრაინასთან ერთად კი იგი ავტომატურად ხდება იმპერია.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ასევე ყურადღება ეთმობა ევრაზიული კავშირის მნიშვნელობას, რომელმაც, სავარაუდოდ, უნდა შეასრულოს რუსეთის მიერ დომინირებული პოლუსის როლი. ევრაზიული კავშირი დასავლეთის ერთგვარი ალტერნატივაა, საკუთარი როგორც ეკონომიკური, ისე ფასეულობითი განზომილებით.

ანტიდასავლეთი (ანტივესტერნიზმი), როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი

დასავლური მსოფლიო წესრიგის გადახედვა მხოლოდ გარკვეული წესების დარღვევით, წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან ეს წესრიგი დასავლურ ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. იმისათვის, რომ რევიზიონიზმმა შედეგი გამოიღოს, საჭიროა საკუთარი ღირებულებითი ალტერნატივის შეთავაზება. რუსეთის შემთხვევაში ეს იდეოლოგია ანტივესტერნიზმს, ანუ ანტიდასავლურობას ეფუძნება. მან უნდა გააერთიანოს, ერთი მხრივ, რუსეთის შიგნით საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც უცხო ან მიუღებელია დასავლური ღირებულებები, მეორე მხრივ კი, რუსეთის გარშემო შემოკრიბოს ასეთივე სენტიმენტების მქონე სხვა ქვეყნები.

ანტიდასავლურობას ორი ძლიერი მხარე აქვს. პირველ რიგში, საზოგადოების მკვეთრად კონსერვატიული ჯგუფები მას ხშირად ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, ტრადიციების და ტრადიციული ღირებულებების გაფრთხილების საშუალებად აღიქვამს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, არჩევანი ორ სამყაროს შორისაა გასაკეთებელი. ერთ მხარეს „გარყვნილი დასავლეთია“, სადაც, გავრცელებული მითებით, „პედოფილია დაკანონებულია“, „ინცესტი მიღებულია“ და ა.შ. მეორე მხარეს კი, ძველი „მოძმე ერების“ ერთობაა, რომლებსაც საერთო კულტურა, ისტორია, ხანგრძლივი თანაცხოვრების გამოცდილება და „განსაკუთრებული სულიერი კავშირები“ აერთიანებთ.

ანტიდასავლურობის მეორე უპირატესობა ავტორიტარული მთავრობებისთვის მისი მიმზიდველობაა. ის არ ითხოვს დემოკრატიული პროცედურების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და სხვა პრინციპების დაცვას, რაც, საბოლოო ჯამში, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახანგრძლივებს.

უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის საბოლოო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლებაში დარჩენის ძლიერი სურვილითაც იყო განპირობებული. ამის მიღწევა იანუკოვიჩს დემოკრატიული წესებით ბევრად უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე ანტიდასავლური ალტერნატივით.

ანალოგიურად, რუსეთი უფრო მისაღები პარტნიორია სხვა ავტორიტარული პოლიტიკური ელიტებისთვისაც, რომლებმაც, მაგალითად, არჩევანი აღმოსავლეთ პარტნიორობასა და რუსეთს შორის რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს. მათ არ უწევთ მოდერნიზაციის პროცესით საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემოკლება. ამ გაგებით, ანტიდასავლურობა, დასავლეთის ალტერნატიულობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, ამ ფასეულობის ექსპორტი კი გასულ საუკუნეში კომუნიზმის გავრცელების ხელშეწყობის მსგავსია. ანტიდასავლურობა რუსეთზე მცირე ზომის ავტორიტარულ ქვეყნებს ბუნებრივად აქცევს მის მოკავშირეებად დასავლეთის წინააღმდეგ და რაც უფრო ძლიერია ასეთი კავშირი, მით უფრო ლეგიტიმურია პრეტენზიები „დასავლური“ საერთაშორისო წესრიგის მიმართ.

კომენტარები