ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავა: გმირი არ ვარ, ჩემს ადგილას ყველა ასევე მოიქცეოდა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში, დნეპროპეტროვსკის დნიპროსა და დინამო კიევს შორის მატჩში მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც შეჯახების შედეგად გონებადაკარგული დინამოელი, ოლეგ გუსევი ქართველმა ჯაბა კანკავამ სიკვდილს გადაარჩინა, მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

კანკავას საქციელის შესახებ, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტის გამოცემებმა დაწერეს, მათ შორის იყვნენ Mirror, Independent, The Guardian, Telegraph, Fifa.com და ა.შ.

გუშინ გავრცელდა კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი, სადაც დაშავებული ოლეგ გუსევი მკურნალობს. მიხაილ რადუცკიმ განაცხადა, რომ კანკავას მიერ დროულად აღმოჩენილი დახმარების გარეშე, შანსი იმისა, რომ გუსევის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა, დიდი იყო.

დღეს, უკრაინულ და რუსულ მედიაში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის პირველი კომენტარი გავრცელდა. კანკავას თქმით, მას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და თვლის, რომ მის ადგილას ყველა ასევე მოიქცეოდა.

"ეპიზოდისას, გუსევთან ყველაზე ახლოს ვიმყოფებოდი, ამიტომ შევეცადე დავხმარებოდი. საქმე იმაშია, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოს ნაკრებშიც მომხდარა, შესაბამისად, ვიცოდი როგორ მემოქმედა. შეხვედრის შემდეგ ოლეგთან არ მისაუბრია. თავს გმირად არ მივიჩნევ, საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. ვთვლი, რომ ჩემს ადგილას ყველა ასევე მოიქცეოდა. შესაძლოა, ჩემ გარეშეც ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ახლა მთავარი ის არის, რომ ოლეგს ყველაფერი კარგად ჰქონდეს", - განაცხადა ჯაბა კანკავამ.

კომენტარები