პატიმრის გარდაცვალება

პროკურატურა: გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის საქმე გახსნილია

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, რასაც მისი სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, შოთა შანიძე, ლევან მოისწრაფიშვილი და გიორგი სეხნიაშვილი.

გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა, გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ ძალადობას, კერძოდ გულ-მკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს.

"აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს. გიგა ფარტენაძე გადაიყვანეს №14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად, იგი გონმოუსვლელად გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ გიგა ფარტენაძის გარდაცვლების მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილითა და მერვე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან ცამეტ წლამდე ვადით" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები