ბლოგი

ენერგოდამოუკიდებლობა VS ენერგოდამოკიდებულება

ანტიენერგეტიკული კამპანია საქართველოში და მსხვილი საინვესტიციო პროექტების საბოტაჟის ანატომია.

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ისე წმინდა პოლიტიკური და სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

თანამედროვე მსოფლიოში, ბოლო წლებში სახეზეა ენერგომატარებლებზე მოთხოვნა ზრდის ტენდენცია. საშუალოდ, ყოველწლიური ზრდა 6-8%-ს შეადგენს და ეს ტრენდი ბუნებრივია, არც საქართველოსთვისაა უცხო. შესაბამისად, ელექტროენერგიასა და ენერგომატარებლებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნა დღის წესრიგში აყენებს ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების და ენერგეტიკული წყაროების გაჩენის აუცილებლობის საკითხს. მითუმეტეს, უახლოეს წლებში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა, კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ზრდის ენერგეტიკული მხარდაჭერის და შესაბამისი ენერგეტიკული სიმძლავრეებით ეკონომიკის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხს.

ბოლო წლების ექსპორტ-იმპორტის ანალიზი ერთ ფრიად საყურადღებო ტენდენციაზე მიუთითებს – 2010 წლიდან საგრძნობლად მცირდება ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა და ამის პარალელურად, იზრდება იმპორტის მოცულობა. დღეს ამას უკვე გარკვეული ტენდენციური სახე აქვს, და რაც სამომავლოდ სურათის კიდევ უფრო მეტად დამძიმების პერსპექტივას სახავს.

ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტი (მლნ. კვტ/სთ)
რა პოტენციური შესაძლებლობები და წყაროები არსებობს დღეს საქართველოსთვის ენერგომატარებლებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად? აქ რამდენიმე ალტერნატივაა:

  • არსებული ჰიდრორესურსების პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და ჰიდროგენერაციის ახალი ობიექტების, ახალი ჰესების მშენებლობა;
  • ახალი თბოელექტროსადგურების აშენება;
  • ენერგომატარებლების იმპორტის ზრდა.

აქ შეგნებულად არ ვსაუბრობ ალტერნატიული ენერგიების ისეთ წყაროებზე, როგორებიცაა ქარის, მზის ან თუნდაც თერმოენერგეტიკა. რადგან, ჯერ ერთი, აღნიშნული მიმართულებები საქართველოს ენერგოსისტემასა და ენერგობალანსში მნიშვნელოვან გარღვევას და მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანას ვერ შეძლებს. ვერ უზრუნველყოფს ვერც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ვერც სისტემის ენერგოეფექტურობის მაღალ ხარისხს. მეორეც, ქარის, მზის და თბოენერგეტიკა წარმოადგენს ენერგეტიკის ძალიან კაპიტალტევად დარგებს და საჭიროებს კოლოსალურ ინვესტიციებს. შესაბამისად, ფასი სარგებლიანობის (Cost-Benefit) თვალსაზრისით, ნაკლებად მიმზიდველია. მესამეც, ქარის, მზის და თბო რესურსების გამოყენებით მიღებული ენერგია არის ძალიან ძვირი და რამდენიმეჯერ (5-6-ჯერ მაინც) აღემატება, მაგალითად იგივე ჰიდრორესურსების გამოყენებით მიღებული ენერგიის ფასს.

დღეს არსებულ ალტერნატივებს შორის ყველა კომპონენტისა და რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური სწორედ პირველი, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პრიორიტეტულად ქცევა და ჰიდროგენერაციის ობიექტების, ანუ ძირითადი აქცენტის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე გაკეთებაა.

რატომ?

პასუხი ძალიან მარტივია – ჰიდროენერგია, ანუ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე იაფ, ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად ენერგიას.

დღეს საქართველოს ჰიდრორესურსების მხოლოდ 18% არის ათვისებული და ამ მხრივ ძალიან დიდი შესაძლებლობები და მეორეს მხრივ, პოტენციალი გააჩნია ქვეყანას. ამასთან, ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეების მაქსიმალური ზრდა, საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად ჩავანაცვლოთ თბოენერგია და თბოელექტრო სადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგია ჰიდროელექტრო სადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგიით.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ლოგიკა აქაც ძალიან მარტივია – თბოელექტრო სადგურების მუშაობისთვის საჭირო ნედლეული საქართველოს არ გააჩნია და ჩვენ მხოლოდ მის იმპორტს ვახორციელებთ. ჰიდრო რესურსი კი, საქართველოს საკუთარი გააჩნია. თან, დიდი ოდენობით. შესაბამისად, როცა თბოელექტრო სადგურებს ვაშენებთ და ქვეყნის ენერგოსისტემაში თბოელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრით წილს ვზრდით, ჩვენ ამით პირდაპირ ვზრდით საქართველოს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხსაც. მაშინ როცა, ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკის და ჰიდროელექტროსადგურების ინდუსტრიის განვითარებით პირიქით, მაქსიმალურად ვამცირებთ საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხს სხვა სახელმწიფოებზე.

დღეს ქვეყანაში გაზის იმპორტს ახორციელებს აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია "სოკარი", რომელიც ამ ბაზარზე პრაქტიკულად მონოპოლისტი და გაზის ერთადერთი ექსკლუზიური მომწოდებელია. ამის გარდა, საქართველო გაზს იღებს გაზის ტრანზიტიდანაც: იგივე "სოკარის" აზერბაიჯან-თურქეთის გაზის მაგისტრალში გატარებული გაზის 5%-ის და რუსული "გაზპრომის" რუსეთ-სომხეთის გაზის მაგისტრალში გატარებული გაზის 10%-ის ოდენობით.

აქედან გამომდინარე, როცა საქართველოს ენერგოსისტემაში თბოელექტროსადგურების ხვედრითი წილი იზრდება, შესაბამისად იზრდება ქვეყანაში გაზის იმპორტის მოცულობა და საბოლოო ჯამში, იზრდება საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხიც სხვა ქვეყნებზე. ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანსა და რუსეთზე.

სოკარის და გაზპრომის საქართველოში გაზის მოწოდების სქემა
ამასთან, მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჭარბი და აუთვისებელი ჰიდრო რესურსი ჰქონდეს და ის კი, თბო, ქარის ან მზის ენერგიის ათვისებაზე აკეთებდეს ძირითად აქცენტს. ეს ყოვლად ალოგიკური და არაპრაგმატული მიდგომაა.

თითქოს დამთხვევაა, მაგრამ ბოლო პერიოდში საქართველოში ჰიდრორესურსების ათვისების და ზოგადად, ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის მიმართ გარკვეულ ჯგუფებს მხრიდან მკვეთრად გამოხატული აგრესიული დამოკიდებულება შეინიშნება. მაშინ როცა, მსგავსი აგრესია არ ვლინდება საქართველოში მაგალითად თბოელექტროსადგურების მშენებლობის პროცესის მიმართ.

აღნიშნული, რატომღაც ვადებში ძალიან საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის მიერ ახალი ენერგეტიკული დოქტრინის მიღებას, რომელიც ცალსახად და პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზებისა და დაფარვის გარეშე გვამცნობს, რომ "მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განვითარებადი ქვეყნების რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის ზრდა". ანუ, უახლოესი წლებისთვის რუსეთის ენერგოპოლიტიკის უმთავრესი მიზანს წარმოადგენს, განვითარებადი სახელმწიფოების, და მათ შორის ბუნებრივია საქართველოს, დამოკიდებულების ხარისხი რუსეთის ენერგომატარებლებზე მაქსიმალურად გაზარდოს. რუსეთსა და მის ენერგომატარებლებზე მაღალი დამოკიდებულების ხარისხი კი, რისი მომტანია პატარა სახელმწიფოებისათვის, უკრაინის მაგალითზე თითოეულმა ჩვენგანმა ცოტა ხნის წინ კარგად ნახა.

ამიტომ, მაქვს საფუძვლიანი და ვფიქრობ ლეგიტიმური ეჭვიც ვივარაუდო, რომ ყველაფერი ეს მიზანმიმართულად კეთდება და ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ ემსახურება ქვეყნის გარეთ არსებული, არც თუ კეთილმოსურნე ძალების პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს. ბუნებრივია, ძნელია იმის მტკიცება, შეგნებულად კეთდება ეს თუ გაუაზრებლად, მაგრამ ფაქტია - საზოგადოების გარკვეული მცირე ჯგუფი აშკარად უპირისპირდება იმას, რაც მაქსიმალურად ამცირებს საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას სხვა ქვეყნებზე. ანუ, უპირისპირდება ქვეყანაში ჰესების მშენებლობას. მაშინ როცა, იგივე ადამიანები არაფერს ამბობენ და ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ისეთ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მაქსიმალურად ზრდის საქართველოს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხს. ანუ, თბოელექტროსადგურების მშენებლობას.

და რაც ყველაზე მთავარია, ბოლო პერიოდში ყოველივე ამან უკვე გარკვეული კამპანიური და აშკარად გამოკვეთილი საბოტაჟის სახეც კი მიიღო. ის, რომ სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ყაზბეგში, მესტიაში, ხულოში, ფარავან ჰესის მშენებლობაზე, თუ დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტების განხილვაზე მოსახლეობა იკრიბება და საკუთარ აზრს, პოზიციას, ან თუნდაც უკმაყოფილებას გამოთქვამს, ეს ნორმალურია. მაგრამ, როცა მათი ქმედება კანონს სცილდება და აშკარად ძალადობის, სიტუაციის ესკალაციის და დაძაბულობის კერების გაჩენის მცდელობას ემსგავსება, როცა მავანის მიერ ხელოვნურად წახალისებული და წაქეზებული პროტესტი მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სახეს იღებს, უკვე საშიშ და სახიფათო ტენდენციასთან გვაქვს საქმე.  ეს, ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად აზარალებს საინვესტიციო გარემოს, აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და მეორეს მხრივ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალში მასობრივ კანონდარღვევათა რეციდივს ქმნის.

კომენტარები