NATO-საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და NATO-ს დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. მათ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილეს.

გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ალიანსს და გადაიდგას შემდეგი, კონკრეტული ნაბიჯები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების გზაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თავის მხრივ, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წარმომადგენლებმა ამ პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს. კომიტეტის თავმჯდომარის ხოსე ლელოს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აღნიშნული იქნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენ საანგარიშო მოხსენებაში.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობების მრჩეველი ივანე მაჭავარიანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ესწრებოდნენ.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრები უკვე შეხვდნენ დეპუტატებს. დელეგაციას ქორთიარდ მარიოტში საპარლამენტო უმრავლესობიდან ირაკლი სესიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, თედო ჯაფარიძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ვოლსკი. საპარლამენტო ოპოზიციიდან კი, გიორგი ბარამიძე, დავით დარჩიაშვილი და გიორგი კანდელაკი შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემები შიდა რეფორმები, საერთაშორისო უსაფრთხოება და NATO-ს როლი იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს საგარეო და თავდაცვის სფეროში გამოკვეთილი პრიორიტეტები და ისაუბრეს საქართველოს წვლილზე რეგიონალურ სტაბილურობაში.

კომენტარები