სიახლეთა პაროდია

პრემიალური დანამატი

საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მინისტრებს საფინანსო წლის განმავლობაში თითოეულ თვეში დაუწესდეთ დანამატი.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამგვარი წესით დანიშვნის მოტივი ის არის, რომ მოისპოს პრემიების მანკიერი პრაქტიკა, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი.

საზოგადოების გაუთვითცნობიერებელ ნაწილში ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. სოციალურ ქსელებშიც გაჩნდა მოქალაქეთა კომენტარები – ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მინისტრს პრემია დაენიშნება, თუ ამას დანამატი დაერქმევა და ა.შ.

ახლანდელი ოპოზიციის და ზოგიერთი ჟურნალისტის უტიფრობა შორს წავიდა და ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ დადეს, თანაც მეტი დამაჯერებლობისათვის სქემატური ფორმა მისცეს.

ბევრი მინისტრის და მისი მოადგილის ხელფასისა და დანამატის (ყოფილი პრემია) მონაცემები საჯარო გახდა, მათ შორის, კანცელარიის უფროსის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების და მათი მოადგილეების, ასევე კულტურის მინისტრის და მისი მოადგილეების.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულზე კომენტარი მხოლოდ მირიანე (გურამ) ოდიშარიამ გააკეთა. მინისტრის ინფორმაციით, პრემია მხოლოდ ორი თვის განმავლობაში მიიღო, ვინაიდან შემდეგ პრემიერმინისტრმა დანამატი დააწესა.

შესაბამისად, მირიანე (გურამ) ოდიშარიამ მანკიერი პრემია მხოლოდ ორი თვის განმავლობაში აიღო, მას მერე კი სუფთა დანამატებს იღებს.

მთავრობა შეშფოთებულია, რომ მოსახლეობამ ვერ განასხვავა დანამატი პრემიისაგან. მზადდება ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „დანამატს” – „წანამატი” შეცვლის.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, პრემიერმინისტრმა იცის, რასაც აკეთებს. მისი აზრით, „წანამატი” უფრო სოციალური ტერმინია და ხალხი მიხვდება, რომ ესა თუ ის მინისტრი კი არ დაასაჩუქრეს, ან კი არ დაუმატეს, არამედ – წაუმატეს გასამრჯელო რთული და დაძაბული გრაფიკისთვის.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კი ამბობს – „მე ვფიქრობ, უპრიანია დავარქვათ „ჩანამატი” და თუ მოქალაქეები ამას ვერ ჩაწვდებიან, კარგად გაიგებს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოქალაქე”.

კომენტარები