ზურაბ ჟვანიას საქმე

პრემიერი: ზურაბ ჟვანიას საქმეს ზედმეტი სპეკულაციები აღარ სჭირდება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ზედმეტი სპეკულაციები აღარ სჭირდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ღარიბაშვილი იმ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც Youtube-ზე გუშინ გავრცელდა და გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟს ასახავს. პრემიერი აცხადებს, რომ ჟვანიას თავის არეში შეუიარაღებელი თვალით სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ეს სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები იყო. 

„მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავრცელდა, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ დაჩქარდება. იმედი მაქვს, პროკურატურა გამოძიებას ინტენსიურად გააგრძელებს, ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და ძალიან მალე გახდება ნათელი ყველასთვის, რასთან გვქონდა საქმე“, - აცხადებს პრემიერი.

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება.

“თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში შეუიარაღებელი თვალით  აღენიშნება სერიოზული დაზიანებები. ჩემი ინფორმაციით, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები  თავის არეში, ასევე სისხლჩაქცევები. თუნდაც ის ფაქტი, რომ  რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი, მის ტანისამოსს თუ დააკვირდებით, ძალიან დამაეჭვებელია.

ასე რომ, მე ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები. პროკურატურას აქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი და იმედი მაქვს, ისინი გამოძიებას მალე დაასრულებენ. ასევე ვიცი, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა ოჯახების თანხმობით გვამების ექსჰუმაცია მოხდეს”, - აცხადებს ღარიბაშვილი. 

ცნობისთვის, Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია) აიტვირთა. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

კომენტარები