ოთარ ფარცხალაძე

მინაშვილი: ფარცხალაძე ესკორტით დადის და სახელმწიფო დაცვა ემსახურება

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ესკორტით დადის და სახელმწიფო დაცვა ემსახურება. დეპუტატის თქმით, ფარცხალაძე "მოდულის" შენობასა და ფინანსურ პოლიციაში დადის. „რეალურად ის მართავს მთელ ამ სისტემას“, - აცხადებს მინაშვილი. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ახალ სიმაღლეებზე ახვედით: ტელევიზორს ჩართავს ადამიანი ყოველ დილით და იმის ნაცვლად, რომ საუბარი იყოს იმაზე, რა კეთდება ქვეყანაში, მიდის თუ არა ქვეყანა წინ, ერთადერთი რაც არის ორშაბათიდან პარასკევმდე: ეს არის ვიღაც უტიფარი ადამიანი პროკურატურიდან, გამოდის, დაწერილი ტექსტი აქვს და საუბრობს სიცრუეზე. ეს დადასტურდება, ბატონებო. ამას აკეთებს ფარცხალაძე. ფარცხალაძე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ყაჩაღია, დადის ესკორტით, ემსახურება სახელმწიფო დაცვა. შედის "მოდულის" შენობაში, იქვე ახლოს ცხოვრობს და გადაირბენს ხოლმე. ასევე დადის ფინანსურ პოლიციაში, იქ თავისი ოფისი აქვს. რეალურად ის მართავს მთელ ამ სისტემას, ყაჩაღი ფარცხალაძე, რომელიც თითქოსდა გადადგა“, - აცხადებს მინაშვილი.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძემ პირადი განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურორი თანამდებობა 2013 წლის 30 დეკემბერს დატოვა. თანამდებობის დატოვებას კი წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება გერმანიაში მისი ყაჩაღობის მუხლით ნასამართლობის შესახებ. 

 

 

 

კომენტარები