ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი არის საკმაოდ ღირსეული პრეზიდენტი

news.ge

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ეთანხმება. თუმცა, მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მიერ მოქმედი პრეზიდენტის კრიტიკა იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება დემოკრატიის კუთხით ვითარდება.

"ის, რაც წარმოუდგენელი იყო, რომ ყოფილ თანაგუნდელს, ყოფილ ან მოქმედ პოლიტიკოსს თავისივე გუნდიდან გაეკრიტიკებინა პრეზიდენტი, ახლა შესაძლებელია. თუ რამე განსხვავებული პოზიცია გააჩნდა ბატონ ბიძინას და ამაზე ხმამაღლა და საჯაროდ ისაუბრა, არაფერია ცუდი. ის არის ამ შემთხვევაში, საზოგადოების წევრი, მოქალაქე და გამოხატავს თავის პოზიციას. ეს პირიქით, მისასალმებელია. არ არსებობს ტაბუდადებული თემები, არ არსებობენ პერსონები, რომელთა კრიტიკაც არ შეიძლება. ეს არის მისი აზრი, რომელსაც ძალიან ჯანსაღად უნდა შეხვდეს საზოგადოება და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

მას ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ სამი თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი იყო.

"სამი თვის შემდეგაც, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, გიორგი მარგველაშვილი იყო საუკეთესო და ღირსეული კანდიდატი. ის არის საკმაოდ ღირსეული პრეზიდენტი. მე შემიძლია, ეს გითხრათ დღეს", - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შესვლასთან დაკავშირებით, "ალბათ, ჯობია, მეტი სიცხადე იყოს და ასეთი გადაწყვეტილებები გუნდთან იყოს წინასწარ გავლილი და შეთანხმებული". პარლამენტის ვიცესპიკერის განცხადებით, "რადგან ერთხელ ითქვა გადაჭრით, რომ პრეზიდენტი არ შევა სასახლეში, შემდეგ უკვე რაღაც განსხვავებული მიდგომები იწვევს გარკვეულ კითხვებს. მე ვიზიარებ ბატონ ბიძინას პოზიციას, რომ ამასთან მიმართებაში, ალბათ, საჭიროა მეტი სიცხადე ანუ, რეალურად, იქნება ეს რეზიდენცია პრეზიდენტის თუ არ იქნება".

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა პოლიტიკის დროში ისაუბრა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".

ამასთან, ივანიშვილს არ მოსწონს, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გამოყენება დაიწყო. ყოფილი პრემიერის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე იყო სასახლეში შესვლის.

ცნობისთვის, თავდაპირველად, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ გამოიყენებდა ავლაბრის რეზიდენციას, მაგრამ გასულ კვირას იქ რამდენიმე შეხვედრა გამართა. მარგველაშვილის თქმით, მთავრობის კანცელარიაში ამგვარი ცერემონიებისთვის შესაფერისი სივრცე არ არის.

კომენტარები