ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

საგანელიძე : ენმ-ზე დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება მიუღებელია

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, მისთვის თავის დროზეც ცოტა გულდასაწყვეტი და გასაკვირი იყო ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა. საგანელიძის თქმით, ამ საკითხში ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ეთანხმება.

"მიმაჩნია, რომ საკმაოდ სერიოზული და ძლიერი კადრები ჰყავს ქართულ ოცნებას და, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას და მაინცდამაინც ნაციონალურ მოძრაობაზე დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება პრეზიდენტის ყველაზე მნიშნელოვანი ფიგურების თანამდებობის, ჩემი აზრით, მიღებული არ არის. იმედგაცრუებაზე ვერაფერს გეტყვით, ამას მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეში შესვლას, საგანელიძის თქმით, მისთვის ყველზე მნიშვნელოვანი პოზიციის სწრაფი ცვლილებაა.

"როცა გაქვს რაღაც პოზიცია, მტკიცედ დგახარ შენს აზრზე და ამ პოზიციას სწრაფად იცვლი, ეს კითხვებს ბადებს" - აღნიშნავს უმრავლესობის ლიდერი.

კითხვაზე, "ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამ ინტერვიუთი დადასტურდა ივანიშვილის მიერ პოლიტიკასა და მთავრობის საქმიანობაში აქტიურად და უხეშად ჩარევა, თქვენ როგორ ფიქრობთ", საგანელიძე პასუხობს:

"როგორ ფიქრობთ, პიროვნებამ, რომელმაც თქვა, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, მაგრამ ამავდროულად ვრჩები პოლიტიკაში იმიტომ, რომ საზოგადოებრივი სექტორი, ხალხის ხმა, იქნება ყველაზე მეტი კრიტიკის მატარებელი იმის, თუ რამეს ხედავს საკრიტიკოს ქვეყანაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ისეთი პიროვნება, როგორიც არის ბატონი ბიძინა, უნდა იყოს სახლში და პოზიციაც არ დააფიქსიროს? ინტერვიუში თქვა კიდეც რამდენჯერმე, რომ "ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, აქ მე არ ჩავერევი და ამას მოქალაქეს და ხალხის სახელით ვამბობ". აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და მითუმეტეს, ისეთ ავტორიტეტულ და საზოგადოებისთვის საინტერესო პიროვნებას, როგორიც ბატონი ბიძინაა" - თქვა საგანელიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა.

ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".

ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გასცა მის კითხვას პრეზიდენტის მრჩეველ ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, მაშინ როდესაც ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის წევრი - ვანო მაჭავარიანის ძმა მიშა მაჭავარიანია.

 

კომენტარები