საყდრისი

მიზანდარი საყდრისის საბადოზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი გეგმავს, საყდრისის საბადოს შესახებ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამის შესახებ მიზანდარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კულტურის სამინისტრომ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება მისცა. როგორც მიზანდარმა აღნიშნა, ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას უწყობს ხელს. 

“პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას: კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს, იმ მოადგილეებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დასკვნას, თუ კი მოაწერა ხელი ვინმემ ამ დასკვნას”,-განაცხადა მიზანდარმა.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო არ არის. კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, გერმანულ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება  მისცა. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია RMG Gold-ის  ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი აქციით გააპროტესტა. ისინი ძეგლზე "ვანდალიზმის შეწყვეტას" და ძეგლის სტატუსის აღდგენას მოითხოვდნენ.

საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით RMG Gold-ს  გაფრთხილება მისცა. სააგენტომ კომპანიას მოუწოდა, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეეჩერებინა. ამასთან, მათივე ცნობით, გაფრთხილებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დადგენილი წესით დაეკისრებოდა.

RMG Gold-ი კი აცხადებდა, რომ კომპანია წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა.

კომენტარები