უკრაინა

საგანგებო ეკონომიკური სამიტი კიევში

ამ წუთებში მიმდინარეობს რეგისტრაცია საგანგებო ეკონომიკური სამიტისათვის კიევში. სამიტი ევროპის ბიზნესასოციაციის ინიციატივით შედგა და მას კიევის ინტერკონტინენტალი მასპინძლობს. ევროპის ბიზნესასოციაციასთან ერთად, სამიტის ორგანიზებაში ჩართულები არიან უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (უკრაინა), კიევის ეკონომიკის სკოლა (უკრაინა), ეკონომიკური კვლევების ფონდი ატლასი (აშშ, მსოფლიო), კატოს ინსტიტუტი (აშშ) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (საქართველო).

ეკონომიკური სამიტის მიზანია, უკრაინისათვის კრიზისულ პერიოდში გამონახოს საუკეთესო გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან და ფორმულირება გაუკეთოს ახლებურ მიდგომას ფინანსური სტაბილურობის, ენერგოეფექტურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით.

სამიტის მონაწილეები არიან:

  • პავლო შერემეტა - უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი
  • ეინარს რეპსე - ლატვიის ყოფილი პრემიერმინისტრი
  • მიკოლა უდოვიჩენკო - უკრაინის ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი
  • ივან მიკლოში - სლოვაკეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი
  • კახა ბენდუქიძე - საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი
  • სვენ ოტტო ლიტორინი - შვედეთის ყოფილი შრომის მინისტრი
  • იაჩეკ როსტოვსკი - პოლონეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი
  • და ანდრეი ილარიონოვი - კატოს ინსტიტუტის წარმომადგენელი, ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში

რეფორმების იდეები და მეზობელი ქვეყნების გამოცდილება (მათ შორის, საქართველო) იქნება სამიტის მთავარი განხილვის თემა. 

დღის განმავლობაში, ტაბულას ფეისბუქის და თვითერის გვერდებზე სამიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლდება. 

კომენტარები