საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პრეზიდენტი: რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა პროვოკაციაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გუშინ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა პროვოკაციაა.

”ეს არის დარღვევა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, რომლითაც ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ფედერაციასთან, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა, არამედ ეს არის კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა, რაც ასევე არის მოქმედი შეთანხმებების დარღვევა. მე აღვიქვამ ამას, როგორც პროვოკაციას”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონში რთული ვითარებაა და ქართული მხარე უაღრესად ფრთხილად უნდა იყოს, რათა პროვოკაციას არ წამოეგოს.

”ასეთ ნაბიჯებს ჩვენ ვპასუხობთ კოორდინირებული მუშაობით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან”, - აცხადებს პრეზიდენტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 6 მარტს, დაახლოებით 12:20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.

6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა.

 

კომენტარები