საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ალასანია: ჩვენ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ

irakli alasania official /facebook.com

”ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია”, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს. მინისტრი რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების მიერ გუშინ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს გამოეხმაურა.
“2008 წლის შემდეგ საჰაერო სივრცის დარღვევის დაახლოებით ათასამდე ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადებული. მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია. ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენს გეგმებში ამით არაფერი არ შეცვლილა“, - განაცხადა ალასანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 6 მარტს, დაახლოებით 12.20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფლების არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
6 მარტს, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განლაგებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს გადაუფრინა.

 

კომენტარები