საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ობამასთან და ვიცეპრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა გვარები არავის უხსენებია. „მათზე დრო არ დაგვიკარგავს, დროს კარგად გავუფრთხილდით და მომავალზე ვისაუბრეთ“, - თქვა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, შეხვედრის მონაწილეებს მან ქვეყნის მოწყობის და განვითარების შესახებ მთავრობის და ქვეყნის ხედვა გააცნო. „იმის შესახებ ვისაუბრეთ, რომ ჩემთვის მთავარი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკაა, რომელიც რეალურად იყო და არის დანგრეული. ეს გადაჭარბების გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ. ამის უამრავი მტკიცებულემა მაქვს“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერი ამბობს, რომ მან დემოკრატიული პროცესების ჯანსაღად წარმართვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეალური პროგრესის მიღწევისთვის მილოცვა მიიღო.
„მათი რეკომენდაცია და მეგობრული რჩევა კი ის იყო, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა განვამტკიცოთ. ერთხელ და სამუდამოდ კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს. ეს მეგობრული რჩევა იყო და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. ეს არის რჩევა, რომელიც მეგობარმა მეგობარს უნდა მისცეს. ბუნებრივია, დემოკრატიის თვალსაზრისით ნაკლები გამოცდილება გვაქვს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ და რჩევა მივიღოთ მათგან, ვინც ამ დემოკრატიის შემქმნელი და რეალურად ფუძემდებელია. ამ შემთხვევაში აშშ-ს ვგულისხმობ“, - ამბობს ღარიბაშვილი, - „არავითარი გვარების ხსენება არ ყოფილა. ბუნებრივია, ზოგადად საუბარი იყო. მათ კარგად იციან, რომ საქართველოში ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს“.
პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია გაძლიერდება. „ჩემი სურვილია, რომ საქართველში რეალურად კონსტრუქციული, ჯანსაღი ოპოზიცია ვიხილოთ, რომელიც ქვეყნის და არა პარტიულ ინტერესებზე იქნება ორიენტირებული“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.





