საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

საჯარო მოხელეების საკითხზე ნარმანიას მოადგილე ნანუაშვილს შეხვდება

mrdi.gov.ge

”საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას მოადგილე სახალხო დამცველს შეხვდება. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც ჩანს, გარკვეული თვალსაზრისით კომუნიკაციის პრობლემაა. ამიტომ, ჩემი მოადგილე სახალხო დამცველს შეხვდება, რომ გაიარონ ეს საკითხები. ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ვინაიდან თვითმმართველობის სრულიად ახალ სისტემას ვიღებთ და თვითმმართველობებში სტრუქტურა იცვლება, ეს ყველაფერი საჭიროებს იმას, რომ გამოცხადდეს ახალი კონკურსები. გარდა ამისა, თვითმმართველობებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში კონკურსი არ აქვთ გავლილი და არიან უვადოდ დანიშნულები, რაც ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ იქნას მოწესრიგებული”, - განაცხადა ნარმანიამ.

მინისტრის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებში მომუშავე პროფესიონალი ადამიანები კონკურსებს გაივლიან, სამსახურში დარჩებიან და ჩვეულებრივ იმუშავებენ.

დღეს, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  განაცხადა, რომ თუ პარლამენტი ”საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს მიიღებს, შესაძლოა, მან ცვლილებების გასაჩივრებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.  

ცნობისთვის, პარლამენტმა 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1344 მუხლის სახით დამატება შეიტანა. ამ მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გამოცხადდება. ისინი უფლებამოსილებას შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე განახორციელებენ, რაც არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

კომენტარები