საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

უსუფაშვილი: პრემიერის ვიზიტი აშშ-ში აღმოჩნდა დაგეგმილზე გაცილებით წარმატებული

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტს წარმატებულად აფასებს. დავით უსუფაშვილის თქმით, დეტალები და შედეგები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ქართული დელეგაცია საქართელოში დაბრუნდება.

"პრემიერის ვიზიტი აშშ-ში ჩემთვის პირადადაც აღმოჩნდა გაცილებით წარმატებული, ვიდრე გვქონდა დაგეგმილი ან შეგვეძლო წარმოგვედგინა. მთელი ამ ვიზიტის განმავლობაში, მთავარი საკითხი იყო ის, რომ არ იყო არცერთი კითხვა ახალი პრემიერის და მთავრობის ახალი შემადგენლობის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები შემოვიდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის დღის წესრიგში და ეს სერიოზული თემაა სამომავლოდ. ის ვითარება, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონში, საჭიროებდა სწორედ ამ ტიპის ძალიან დემონსტრირებულ მხარდაჭერას. ეს მიღწეულია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის კურსი, რომელიც გვაქვს აღებული", - თქვა უსუფაშვილმა.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერმინისტრმა შეხვედრები გამართა თეთრ სახლში. ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებული შტატების  პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ვიცეპრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის უმაღლესმა პირებმა საქართველოს პრემიერმინისტრს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს - განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს საქართველოს მეგობრობისა და სანდო პარტნიორობისთვის ყველაზე მწვავე რეგიონულ და გლობალურ პრიორიტეტებთან გამკლავებაში.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სხდომასაც დაესწრო, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან ერთად, სიტყვით გამოვიდა. საქრთველოს პრემიერი შეხვდა კონგრესმენებს და ბიზნესმენებსაც.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დასრულდება.

კომენტარები