შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ "გადამეტებულ ემოციებს ჯობია, 21 მარტს დაველოდოთ". ტაბულამ ზაქარეიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადების შეფასება სთხოვა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "ის 11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა შეიქმნა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, სავარაუდოდ, შეიძლება, აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის".
პაატა ზაქარეიშვილის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიღრმეში 11კმ-იანი ე.წ. უსაფრთხოების ზონა უკანონო ქმედებაა, რუსეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ ეს რეჟიმი 21 მარტამდე გაგრძელდებოდა.
"საუბარია არა საზღვარზე, არამედ კონტროლის ზონაზე. კარგად ვიცი, იქ რაც ხდება, რადგან მაქვს კონტაქტი აფხაზურ მხარესთან და ზედმიწევნით კარგად ვიცი, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიღრმეში, 11 კილომეტრის ზონაში არსებობს ე.წ. უსაფრთხოების ზონა, რომელიც თვალნათლივ არ ჩანს. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ 11 კმ-იან ზონაში მოქმედებს ე.წ. საკომენდატო საათი ანუ რუს ოკუპანტებს, ჯარისკაცებს შეუძლიათ გააჩერონ ნებისმიერი ადამიანი, გაუჩხრიკონ ჩანთა, შეიძლება სახლში შევიდნენ ამ 11 კმ-იან ზონაში. სხვა რამ ხილული ნიშნები, გარდა იმისა, რომ შეიძლება გზაზე იდგეს რაღაცა სამხედრო მანქანა, რომელმაც შეიძლება გააჩეროს სხვა მანქანა, არ ჩანს. ეს უკანონო ქმედებაა და რუსეთმა თავის თავზე აიღო თვითნებურად უსაფრთხოების ზომები ისე, რომ არ შეუთანხმა საქართველოს მთავრობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ოკუპაცია, ოკუპანტის ოკუპაციური რეჟიმის გაგრძელება, მიუხედავად ამისა, გაცხადებული იყო, რომ 21 მარტამდე გაგრძელდებოდა ეს რეჟიმი ანუ ოკუპანტებმა თვითონვე აღიარეს, რომ ეს გაგრძელდებოდა 21 მარტის ჩათვლით. ამას აკვირდება აფხაზური საზოგადოება, რადგან მათთვისაც შემაშფოთებელია. ნამდვილად მოდის აფხაზეთიდან ასეთი სიგნალები. თუმცა, მე მგონია, რომ გადამეტებულ ემოციებს სჯობს დაველოდოთ 21 მარტს, რადგან სოჩაში კი დასრულდა ოლიმპიური თამაშები, მაგრამ კიდევ უნდა ჩატარდეს პარაოლიმპიური თამაშები. ამ მიმართულებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომები გრძელდება. საქართველოს მთავრობაც დაინტერესებულია, რომ პარაოლიმპიური თამაშები ჩატარდეს უსაფრთხოდ. ეს ჩვენს ღირსებაზეც მეტყველებს, საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება ოლიმპიურ თამაშებს და ჩვენ გვინდა, მსოფლიომ დაინახოს, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტში და გვინდა, რომ ამ თამაშებმა ჩაიაროს უსაფრთხოდ რეგიონში, რათა საქართველომ თავისი წვლილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, აღიარება მიიღოს და თქვან, რომ ვართ ცივილიზებული ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში, რომელიც თამაშობს ცივილიზებული მეთოდებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის 20 იანვრის დადგენილების თანახმად, გაგრის რაიონის სასაზღვრო ზოლმა რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში 11 კილომეტრით, ანუ რუსეთ-საქართველოს საზღვარმა მდინარე ფსოუდან აფხაზეთის სიღრმეში, ბაგრიპშის დასახლებულ პუნქტამდე გადაიწია. აღნიშნული ზონა რვა დასახლებულ პუნქტს (ბაგრიპში, ხაშსი, ხიშხა, მახადირი, მკლიალრიპში, ლაპსტახა, გიაჩრიფში და ცანდრიპში) მოიცავს. დროებითი სასაზღვრო ზონა 20 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით იმოქმედებს.
"მოქალაქეებმა, რომლებიც სასაზღვრო ზონას აღნიშნულ პერიოდში გადაკვეთენ, პირადობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინონ. რესპუბლიკის "ფსოუ-ენგურის" ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე, დასახლებულ პუნქტ ბაგრიპშთან ამოქმედდება ერთობლივი სტაციონარული საკონტროლო პუნქტი, რომელზეც უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამიგრაციო სამსახურის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ", - განუცხადეს იტარ-ტასს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში.





