საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში და მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა. მოლდოვაში საქართველოს ელჩი მერაბ ანთაძე იქნება, ხოლო საუდის არაბეთის სამეფოში - გიორგი ჯანჯღავა.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2014 წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა #25/02/01 და #25/02/02 განკარგულებები მერაბ ანთაძის მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნისა და გიორგი ჯანჯღავას საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აღნიშნავს, რომ მერაბ ანთაძე 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 იანვრამდე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამში“. ანთაძე მოლდოვის რესპუბლიკაში საქმიანობას 2014 წლის 1 მარტიდან შეუდგება.
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ცნობითვე, გიორგი ჯანჯღავა 2013 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე იკავებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას ირლანდიაში. ჯანჯღავა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობას 2014 წლის 3 აპრილიდან დაიწყებს.