გიორგი ონიანის საქმე

გიორგი ონიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატს გიორგი ონიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ონიანის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ერთი მუხლი, რომელიც სამსახურებრივ სიყალბეს ეხებოდა, ონიანს მოეხსნა. ბრალდებული მოდულის შენობაში უკვე მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა. გუშინ ონიანმა წინასწარი დაკავების საკანში შიმშილობა დაიწყო. 

გიორგი ონიანისთვის ბრალის წაყენების პარალელურად, მოდულის შენობასთან მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს. მათი განცხადებით, მთავრობა ახალაიას ადვოკატზე პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

გიორგი ონიანი 23 თებერვალს საკუთარი სახლიდან აიყვანეს. გამოძიება ადვოკატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და განზრახ უკანონო დაკავებას ედავება. პროკურატურის განცხადებით, ონიანმა 2011 წელს უკანონოდ დააკავა შპს დაო-პრინტის მენეჯერი, რომელიც ქართული ოცნების ლოგოიან მაისურებს ამზადებდა.

კომენტარები