გიორგი ონიანის საქმე

შათირიშვილი: პროკურატურა ჩემი სარჩელით წელიწად-ნახევრის შემდეგ დაინტერესდა

გოგა ონიანის საქმეში დაზარალებულმა დავით შათირიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ონიანის მუქარის შესახებ ისაუბრა.

"მე ვიყავი მენეჯერი სარეკლამო კომპანია დუო პრინტში, ვასრულებდი ბერა ივანიშვილის დაკვეთას კლიპის გადაღებაზე. დაკვეთის შესრულების შემდეგ, უკანონოდ დამაკავეს და გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში წამიყვანეს, სადაც ბატონმა გოგა ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში. მან თეთრ ქაღალდში გახვეული 24,5 გრამი ნედლი მარიხუანა დადო და მითხრა - შენ იცი რაც მოგივა. როდესაც ვკითხე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მან კლიპი მანახა და მითხრა, რომ ამ კლიპით ქვეყანას საფრთხე შეექმნა. გოგა ონიანმა გარკვევით ჩამომიყალიბა, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი საფრთხე შეექმნებოდა. ოჯახიდან ნარკოტიკულ ნივთიერებას ამოიღებდნენ, მეუღლის სამუშაო ოფისიდან იგივე სახის ნარკოტიკულ ნივთიერებას ამოიღებდნენ. ვარჩიე, რომ მე ამეღო იქვე შემოთავაზებული მარიხუანა", - თქვა შათირიშვილმა.

შათირიშვილის თქმით, ის 2011 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. შათირიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი კვირის განმავლობაში იყო, რის შემდეგაც საპროცესო გარიგებით დაწესებულება დატოვა.

შათირიშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიმართა. თუმცა, პროკურატურა მისი სარჩელით წელიწად-ნახევრის შემდეგ დაინტერესდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანმა 2011 წელს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს დუო-პრინტის მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა. შპს დუო-პრინტი იმ დროისათვის პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების ლოგოიან მაისურებს ამზადებდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა დავით შათირიშვილის დაკავების მიზეზი, რაც მას პირდაპირ დაუფიქსირა საუბარში გ. ონიანმა დაკავების შემდეგ.

კომენტარები