გიორგი ონიანის საქმე

უსუფაშვილი: არჩევნები არ არის დრო, როცა სამართალდამცველები უნდა გაჩერდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს სამართალდამცველებს აქვთ კითხვები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეგონათ, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იქნებოდნენ.

"ამიტომ თუ დღეს ვინმე რამეს სჩადის, ასევე ხვალ და ზეგ, მასაც აუცილებლად მოეთხოვება და თუნდაც გუშინდელი ფაქტი არის ამის დამადასტურებელი. დღეს სამართალდამცველებს აქვთ კითხვები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეგონათ, რომ მუდმივად იქნებოდნენ ხელისუფლებაში. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ გამოვთქვათ მტკიცებითი ფორმის მოსაზრებები", - თქვა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ გოგა ონიანის დაკავება მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში, უსუფაშვილის თქმით, არჩევნები არ არის დრო, როდესაც სამართალდამცველი სისტემა უნდა გაჩერდეს.

"ძნელია მონახო კალენდარში წელი, როდესაც საქართველოში არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნები ტარდება საქართველოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიცია და პროკურატურა შვებულებაში უნდა წავიდნენ და თუ რამე გამოსაძიებელია, არაფერი უნდა გააკეთონ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები