გიორგი ონიანის საქმე

წიკლაური: გიორგი ონიანს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანაში გიორგი ონიანს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული წიკლაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა.

წიკლაურის თქმით, პროკურატურამ გუშინ ადვოკატი გიორგი ონიანი დააკავა, რომელსაც ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურატურისთვის რამდენიმე პროცესი ჰქონდა მოგებული, "მათ შორის, კრიმინალი პროკურორი ფარცხალაძისთვის". მისივე თქმით, ონიანი თვითმმართველობის არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.

წიკლაურის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ონიანის თანამშრომლები და სხვები დაჰყავდათ პროკურატურაში, "რათა მიეღწიათ გიორგი ონიანის საწინააღმდეგო ჩვენებისათვის". წიკლაურმა აღნიშნა, რომ სწორედ დღეს იგეგმებოდა გიორგი ონიანის ბრიფინგი ამ თემაზე.

"როგორც ჩანს, პროკურატურისთვის ცნობილი გახდა, სატელეფონო საუბრების მოსმენის გზით, ამის შესახებ და იგი გუშინ დააკავეს. დაკითხვის დროს, დაძაბული საუბრის დროს, გიორგი ონიანს განუვითარდა გულის შეტევა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დარეგულირება ვერ შეძლო, ამიტომ გადაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში.

ამის შემდეგ, განვითარდა ნამდვილი კრიმინალური დრამა. პოლიციის თანამშრომლები გამოედევნენ ამ მანქანას, გადაუდგნენ წინ, უკანონოდ ჩამოსვეს ადვოკატი, რომელიც იქ იმყოფებოდა და შეუცვალეს გეზი, წაიყვანეს სულ სხვა მიმართულებით. ამ დროს სასწრაფო დახმარების მანქანაში მოხდა შეხლა-შემოხლა გიორგი ონიანსა და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს შორის. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა წიკლაურმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები