ვანო მერაბიშვილის საქმე

ბოკერია: დღევანდელი გადაწყვეტილება ძვირი დაუჯდება ქვეყანას და ხელისუფლებას

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გოგა ბოკერიას შეფასებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიმართ დღეს გამოტანილი განაჩენი ქვეყანას და დღევანდელ ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება. მისი განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვერ გაუძლო ხელისუფლების წნეხს და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება, ეს პოლიტიკა, რაზეც პირველ რიგში პასუხს აგებს დღევანდელი ხელისუფლება, ღარიბაშვილის მთავრობა და მათი დე ფაქტო მმართველი ივანიშვილი, მათ დაუჯდებათ პოლიტიკურად ძალიან ძვირი. მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანასაც საკმაოდ ძვირი დაუჯდება ამ პოლიტიკური კულტურის დანერგვა, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური მოტივით სვამენ ციხეში. სასამართლოსაც ძალიან ძვირი დაუჯდება ასეთი პრეცედენტები, როდესაც აშკარად რეჟიმს გადაუხადეს ხარკი. ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც სამართლებრივად ჩახედულია ამ საქმეში და, ზოგადად, მინიმალური ცოდნა აქვს, ნათელია, რომ ეს დიფერენციაციაც, როდესაც ჭიაბერაშვილი უდანაშაულოდ ცნეს ძირითად ბრალდებებში და მერაბიშვილი ჩასვეს ციხეში, არის მცდელობა გაზავების და წმინდა წყლის პოლიტიკური სამართლის. ეს არის ძალიან ცუდი დღე არა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის, არამედ საქართველოში დემოკრატიული ტრადიციისთვის. ძვირი დაუჯდება ქვეყანას, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჯდება დღევანდელ ხელისუფლებას, ვინც ეს განაჩენი დაუკვეთა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა. მოსამართლამ ჭიაბერაშვილისთვის წაყენებული ბრალდება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივ გულგრილობად. ბრალდება ჭიაბერაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 164 1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდა. მათ ბრალი ედებოდათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

კომენტარები