საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

კანდელაკი: მთავრობამ ზომების მიღების ნაცვლად, რუსეთის გამართლება დაიწყო

www.radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რათა სოჭის ოლიმპიადა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ზიანის მისაყენებლად და ოკუპაციის ფაქტისთვის ლეგიტიმაციის მისაცემად გამოეყენებინა. კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ არ მიიღო ზომები, რათა გამკლავებოდა ამ სერიოზულ გამოწვევას, არამედ რუსეთის ხელისუფლების გამართლება დაიწყო.

"ამ ყველაფრის კულმინაციად იქცა მარიონეტული რეჟიმების ლიდერთა ოლიმპიადის ოფიციალურ ლოჟაში სტუმრის სტატუსით გამოჩენა. სოჭის ოლიმპიადის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკურ კრახად შემდეგ მიზეზთა გამო შეგვიძლია, მივიჩნიოთ:

1. საქართველოს მთავრობის არაკომპეტენტური და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საზიანო საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის მიერ საკუთარი სახლებიდან გამოყრილი დევნილების დაბრუნების ისევე, როგორც მათი საკუთრების უფლების საკითხი, პრაქტიკულად, გაქრა დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგიდან. სოჭის ოლიმპიადაზე არ ჩავიდა ცივილიზებული სამყაროს თითქმის არცერთი ლიდერი. მათ მიერ ოლიმპიადაზე არჩასვლის მიზეზთა შორის არ დასახელებულა საქართველოს ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის საკითხი;

2. ასევე შემდგარი ფაქტია დასავლური მედიის უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება სოჭის ოლიმპიადის მიმართ. საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია არაფერი, რათა ოლიმპიადის მიმართ არსებული ყურადღება გამოყენებულიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშოსირო აქტუალიზაციისათვის. გასული წლის განმავლობაში, მმართველ გუნდს არ გამოუყენებია არც ერთი საერთაშორისო ფორუმი, ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრა, რათა პუტინის მიერ ოლიმპიადის გადასარჩენად გაკეთებული არაერთი დათმობიდან ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო საქართველოს საკითხთან დაკავშირებით;

3. ბოლო პერიოდის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მარიონეტულ რეჟიმთა ლიდერები არ იქნებოდნენ ოლიმპიადაზე მიწვეულნი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია;

4. როცა ცხადი გახდა, რომ როგორც ალექსანდრე ანქვაბი, ასევე თიბილოვი ნამდვილად ესწრებოდნენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას, არაერთი თანამდებობის პირი აცხადებდა, რომ ორივე მათგანი სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე მხოლოდ კერძო პირის სტატუსით იმყოფებოდნენ, რაც არ იძლეოდა შეშფოთების საფუძველს;

5. ოფიციალურ დელეგაციათა ლოჟაში, პრეზიდენტთა და სახელმწიფოების ლიდერთა შორის პირები, რომელთაც მასპინძელი ქვეყანა არ მიიჩნევს ოფიციალურებად, ვერ მოხვდებიან. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთი ციხელაშვილის მტკიცება იმის შესახებ, რომ თიბილოვისა და ანქვაბის ლოჟაში ყოფნა არ არის პროტესტის საფუძველი, არის უპასუხისმგებლო", - თქვა კანდელაკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები