Pussy Riot

Pussy Riot: ჩვენ არ ვართ ნადია და მაშა. ისინი აღარ არიან Pussy Riot-ში

პანკჯგუფ Pussy Riot-ის წევრებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა პანკ ჯგუფის წევრები აღარ არიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მედიაში ყველა მათი გამოსვლა ცხადდება, როგორც Pussy Riot-ის პერფორმანსი.

”ჩვენ, Pussy Riot-ის  ანონიმური წევრები მადლობას ვუხდით ხალხს მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მოითხოვდა ნადეჟდასა და მარიას გათავისუფლებას. მათ, ვინც პატივს სცემდა ჩვენს იდეოლოგიას. მადლობელი ვართ, დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ ყველას, ვინც ჯგუფს რთულ მომენტში გვერდში ედგა.

23 დეკემბერი დღესასწაული იყო ჩვენთვის - ეს იყო თავისუფლების დღე სინდისის პატიმრებისთვის. ჩვენ ამაყი ვართ მაშასა და ნადიას გათავისუფლების, მათი გამძლეობისა და ბრძოლის გამო.

სამწუხაროდ, ციხეში ყოფნისას, მათ სრულიად დაავიწყდათ ჩვენი ჯგუფის მისწრაფებები და იდეალები - ფემინიზმი, ბრძოლა ავტორიტარიზმისა და  პიროვნების კულტის წინააღმდეგ -  ყველაფერი, რამაც გამოიწვია მათი უსამართლო დასჯა.

საიდუმლო არ არის, რომ მაშა და ნადია აღარ არიან ჯგუფის წევრები და ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს რადიკალურ ქმედებებში. მათ ახალი საქმე აქვთ - პატიმართა უფლებების დაცვა სურთ.

პატიმრების უფლებების დაცვა შეუსაბამოა რადიკალურ პოლიტიკურ განცხადებებთან და პროვოკაციულ ხელოვნებასთან. გენდერული თანასწორობა შეუსაბამოა რადიკალურ ფემინიზმთან. მათ გაუჭირდებათ ფუნდამენტური ნორმებისა და წესების კრიტიკა, რაც დამახასიათებელია პატრიარქალური საზოგადოებისთვის. ადვოკატირება ვერ დადგება ამ წესებს მიღმა.

ჩვენ დავკარგეთ ორი მეგობარი, ორი იდეოლოგიური წევრი, თუმცა, მსოფლიომ შეიძინა ორი საამაყო, საინტერესო, კონტროვესიალური უფლებადამცველები, რომლებიც პატიმრების უფლებების დასაცავად იბრძოლებენ.

სამწუხაროდ, მათ პირადად ვერ ვულოცავთ, რადგან ისინი უარს ამბობენ ჩვენთან კონტაქტზე. თუმცა, ვაფასებთ მათ გადაწყვეტილებას და გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას ახალ კარიერაში.

ნადია და მაშა მედიის ყურადღების ცენტრში არიან. ისინი თითქმის ყველა ინტერვიუში ამბობენ, რომ მათ ჯგუფი დატოვეს და საკუთარი სახელები აქვთ. ისინი აღარ არიან ჩაბმული რადიკალურ აქტივიზმში. თუმცა, მედია მაინც სავსეა ჯგუფის სახელით, მათი ყველა საჯარო გამოსვლა ცხადდება, როგორც Pussy Riot-ის პერფორმანსი. ავიწყდებათ, რომ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში არა მხოლოდ 2 ადამიანი, არამედ 5 იმყოფებოდა. ხოლო წითელი მოედნის პერფორმანსში - 8.

გაუგებრობის აპოთეოზი Amnesty International-ის საჯარო განცხადება გახდა, მათ ნიუ-იორკში კონცერტზე ნადიასა და მაშას სიტყვით გამოსვლას Pussy Riot-ის პირველი ლეგალური პერფორმანსი უწოდეს.

პოსტერზე კი ნადიასა და მაშას ნაცვლად, კაცი გიტარითა და ნიღბით იყო გამოსახული, Pussy Riot-ის სახელის ქვეშ. ორგანიზატორები კი ხალხს მოუწოდებდნენ, ეყიდათ ძვირადღირებული ბილეთები.

ეს არის Pussy Riot-ის პრინციპების უკიდურესი უარყოფა. ჩვენ გვაქვს მემარცხენე ანტიკაპიტალისტური იდეოლოგია - არ ვაწესებთ გადასახადებს ჩვენი ხელოვნების გასაყიდად. ყველა ჩვენი ვიდეო უფასოდ ვრცელდება ინტერნეტში, პერფორმანსების მაყურებლები ყოველთვის გამვლელები არიან და შოუებზე არ ვყიდით ბილეთებს. ყველა ჩვენი პერფორმანსი არალეგალურია, არაპროგნოზირებად ლოკაციაზე დადგმული.

ჩვენ ანონიმურები ვართ, იმიტომ, რომ პიროვნების კულტის, ასაკის, ხილვადი სოციალური ატრიბუტიკის წინააღმდეგი ვართ. სახეს ვიფარავთ, იმიტომ, რომ ვეწინააღმდეგებით ქალის სახის გამოყენებას, როგორც საქონელის ან მომსახურების სავაჭრო ნიშნად წარმოჩენას.

რადგან ნადია და მაშა ჩვენთან აღარ არიან, გთხოვთ, პატივი ეცით მათ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვართ ნადია და მაშა. ისინი აღარ არიან Pussy Riot-ში. კამპანია ”თავისუფლება Pussy Riot-ს” დასრულდა. ჩვენ ვართ ხელოვანთა ჯგუფი, გვაქვს ეთიკური უფლება, დავფაროთ ჩვენი სახელი, ვიზუალი და ჩვენი შემოქმედება, სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით.” - წერია პანკ-ჯგუფის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 21 თებერვალს Pussy Riot-ის წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შესრულებული პანკლოცვის - "ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი!"- გამო გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით მიუსაჯეს. ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა პუტინის მიერ ინიცირებული ამნისტიის შედეგად, 23 დეკემბერს გაათავისუფლეს.

 

კომენტარები