ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურატურა: გია გორგაძეს ოჯახის წევრები ეძებდნენ

geonews.ge

მთავარი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის ერთერთი მთავარი მოწმის გია გორგაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, დღეს, დაახლოებით 11 საათზე, მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ გია გორგაძის ოჯახის წევრები, რომლებმაც აცნობეს სამართალდამცავებს, რომ არ იცოდნენ სად იმყოფებოდა გია გორგაძე, რომელსაც გათიშული ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონი.

"ისინი გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ გორგაძე გაიტაცეს ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარადავას მიმართ მიცემული მამხილებელი ჩვენების გამო და ითხოვდნენ დახმარებას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება გია გორგაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, საქმეზე დაუყოვნებლივ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, დადგინდა გია გორგაძის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც იგი მიყვანილი იქნა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისა და სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გია გორგაძე არის ერთ-ერთი დაზარალებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალდების საქმეში, სადაც მათ ბრალად ედებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამება. ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურა მუშაობს მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ვერსიაზეც, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ფაქტს მოჰყვება სათანადო რეაგირება" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატის და ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქმის მოწმე გია გორგაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან აიყვანეს. მათი ცნობით, დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დაცვამ უთხრათ, რომ ერთი ადამიანი ეძებდა და თავისი ნომერი დატოვა. ნადარეიშვილის ცნობით, არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი.

"ჩვენი ორგანიზაცია არის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია და ბევრ ადამიანს ვეხმარებით. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ვიღაცას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება და იმ ნომერზე გადავურეკეთ. მან არ დაასახელა თავისი ვინაობა და გვითხრა, რომ მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვიდოდა. მართლაც მოვიდა და აღმოჩნდა გია გორგაძე - მთავარი ე.წ. დაზარალებული და მთავარი მოწმე ბაჩო ახალაიას ბოლო ბრალში, თითქოს ბაჩომ ვიღაც ექვსი პატიმარი ცემა იმისთვის, რომ ეღიარებინათ ციხიდან გაქცევა. გია გორგაძემ გვითხრა, რომ მოვიდა სიმართლის სათქმელად და მას აიძულეს მიეცა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, "ბაჩო ახალაია ცხოვრებაში არ ჰყავს ნანახი". ჩვენ დავუკავშირდით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს, რომლებიც ჩავაყენეთ საქმის კურსში. გია გორგაძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ ტელევიზიის მეშვეობით იტყოდა სიმართლეს და ასევე სახალხო დამცველის ოფისში მისვლას. ავტეხეთ ჟურნალისტებთან რეკვა (როგორც ჩანს ჩვენი "სუს"-ი კარგად გვისმენს) და 4 საათზე დაიგეგმა პრაიმთაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია. ეს ადამიანი მივიდა იქ. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და კიბის პირველ საფეხურზე შედგა ფეხი, დაახლოებით 10 სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა მასთან და უთხრეს, რომ ოჯახი ეძებდა, გაუყარეს ხელკავი, ჩასვეს მანქანაში და დღისით-მზისით, ჟურნალისტების თვალწინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გაიტაცეს ეს ადამიანი. ჩვენთვის ამ წუთამდე უცნობია, სად იმყოფება გია გორგაძე და ვითხოვთ, დაინტერესდეს ყველა შესაბამისი ორგანო თუ პირი მისი ადგილსამყოფელით", - აცხადებს თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი ანი ნადარეიშვილი.

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტა, რომ გია გორგაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა.

კომენტარები