თეორემა

ივანიშვილი / ღარიბაშვილი / ვუდი ალენი

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქის" პრეზენტაცია გაიმართა. ყოფილ პრემიერს არ დაუმალავს, რომ ძალიან კმაყოფილია მის მიერ დატოვებული მთავრობის მუშაობით. მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნა საგანგაშო არ არის, ფულის ხარჯვას კი მედიის კონტროლის მიმართულებით აპირებს. მან საზოგადოებას მოუწოდა, არ შეუშინდეს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბარს. რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქეები ივანიშვილის მოსაზრებაზე პატრიარქთან დაკავშირებით - ხალხის ხმას, გადაცემის პირველ ნაწილში მოისმენთ.

- "აუცილებელი არ არის, ყოველთვის ვიხმაუროთ... მსოფლიო დაიღალა ასეთი რადიკალური პოლიტიკისაგან" - ამტკიცებს ივანიშვილის მემკვიდრე, ირაკლი ღარიბაშვილი. რატომ არ "ხმაურობს" პრემიერი მილიონამდე დევნილზე და ეთნიკურ წმენდაზე, რატომ არიდებს ის იმ შეკითხვებს თავს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების უფრო მკაფიო პერსპექტივას შეეხება, რატომ მიიჩნევს, რომ უკრაინის კრიზისი რუსეთთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდებით. სტუმრები: გია ხუხაშვილი, ლევან ღამბაშიძე, ნიკა ვაშაკიძე და გიორგი მშვენიერაძე.

- რამდენიმე დღის წინ ვუდი ალენისა და მისი ყოფილი მეგობარი ქალის, მია ფეროუს აყვანილი შვილის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის რეჟისორს შვიდი წლის ასაკში მის სექსუალურ ხელყოფაში ადანაშაულებს. ვუდი ალენს ბრალი არ დადასტურებია, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რეალურია თუ არა ბრალდება, თუმცა გადაცემის მესამე ნაწილში შევეცდებით პასუხი გავცეთ კითხვას უნდა გავმიჯნოთ თუ არა ხელოვანი და მისი ქმნილება. სტუმრები: ნუგზარ რუხაძე, თეო ხატიაშვილი, სალომე ლოსაბერიძე და გიორგი ნაკაშიძე.

კომენტარები