მუხროვანის ამბოხი

ბობოხიძე: სახელმწიფოს მუხროვანის ამბოხის ჩასახშობად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა

epn.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მუხროვანში ჩვეულებრივი ამბოხი მზადდებოდა. როგორც ბობოხიძემ საპარლამენტო სესიაზე აღნიშნა, სახელმწიფოს ამ ამბოხების ჩასახშობად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. 

„როდესაც ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ამბობენ, რომ ეს არ იყო ამბოხი, მაპატიეთ, მაგრამ არც ამირიძეს, არც კრიალაშვილსა და არც ოთანაძეს იმ სამხედრო ნაწილთან არაფერი ესაქმებოდათ. ისინი არ იყვნენ იმ სამხედრო ნაწილის არა მარტო ხელმძღვანელი პირები, არამედ, წევრებიც. თურმე ჯარისკაცები აპირებდნენ პროტესტის გამოხატვას და ამისთვის მოიწვიეს ოთანაძე, ამირიძე და კრიალაშვილი. დიახ, ბატონებო, მზადდებოდა ჩვეულებრივი ამბოხი და სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამ ამბოხების ჩასახშობად“, - განაცხადა ბობოხიძემ და აღნიშნა, რომ ოთანაძე და კრიალაშვილი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები იყვნენ 1990-1991 წლებში, გვარდიის ამბოხში.

„მე მინდა გამოვეხმაურო ნუკრი ქანთარიას განცხადებას. ძალიან კარგად მახსოვს საზოგადო მოღვაწეების გამოსვლა 1990-91-იან წლებში, იმ აქტიურ პროცესში, რომლის მონაწილეც მეც ვიყავი და შედარებით ნაკლებად ქანთარიაც. ეს ეხება იმ პერიოდს, როდესაც მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება. როდესაც ზვიად გამსახურდიამ დააპირა შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამბოხებული გვარდიის წინააღმდეგ, ქართული ინტელიგენცია, პოლიტიკური პარტიები და მათ შორის მეც, შუაში ჩავდექით იმ ლოზუნგით, რომ როგორ შეიძლება ქართველმა ქართველს ტყვია ესროლოს. მაგრამ როდესაც მთავრობის სასახლესთან ატყდა ნამდვილი ომი, შუაში არავინ არ ჩამდგარა და ამას მოჰყვა უამრავი ადამიანის დაღუპვა. მაშინ რომ ზვიად გამსახურდიას კანონით მინიჭებული ღონისძიებების გატარების განხორციელების საშუალება ჰქონოდა, საქართველოს არ დაეღუპებოდა ამდენი ადამიანი. მაშინ, ბატონი კრიალაშვილი და ბატონი ოთანაძე იყვნენ ერთ-ერთი მსხვილი მონაწილეები და მოთამაშეები იმ პროცესის“, - თქვა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, დღეს, პალამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გვამებს ითხოვს, თავმჯდომარეს კი, მთელი პარტია ფეხებზე ჰკიდია. ქანთარიას თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს ნაციონალური მოძრაობა ან უნდა გაემიჯნოს ან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

29 იანვარს Youtube-ზე 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

"დავკითხოთ ვიღაცები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია", - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დავალება ამბოხებულთა მიერ ლიკვიდირებული რუსი მრჩევლების გვამების პოვნა იყო.

კომენტარები