საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის სოჭის ოლიმპიადაზე მოულოდნელ "სიურპრიზებს" არ ელოდება, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლების მიღება. თუმცა, თუ ასეთი რამ მოხდება, საქართველოს ადეკვატური რეაქცია ექნება. აღნიშნული მან BBC-სთან ინტერვიუში თქვა.
ჟურნალისტმა სერგეი ლავროვის სიტყვები გაიხსენა, სადაც ამბობს, რომ საქართველო არსებულ რეალობას არ იღებს. ღარიბაშვილმა კი უპასუხა - რეალობა ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაა და ეს საქართველოა.
"რეალობა ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ქვეყანაა და ეს საქართველოა. ოკუპირებული რეგიონები ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ ჩვენს მიწას ვიზიარებთ აფხაზებთან და ოსებთან და მომავალშიც ასე იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტმა გაიხსენა უკრაინის შემთხვევა - საქართველოსაც უნდა ევროკავშირთან დაახლოება. ელოდება თუ არა საქართველო მოსკოვისგან იმავე ზეწოლას?
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესებს უკრაინაში და შეშფოთებული ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. რაც შეეხება პოტენციურ საფრთხეს რუსეთისგან, ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსეთზე, ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად. რუსეთს არ აქვს საკმარისი პოლიტიკური ან ეკონომიკური ბერკეტები საქართველოზე. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ქართველების ევროინტეგრაცია არ არის საფრთხე და რისკი მისთვის. თვითონ რუსეთიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჰყავდეს ძლიერი, დემოკრატიული, სტაბილური, სანდო და პროგნოზირებადი მეზობელი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში", - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერს ჟურნალისტმა ჰკითხა მის ასაკთან დაკავშირებითაც - რა შეგრძნებაა, იყო მსოფლიოში დემოკრატიული გზით არჩეული, ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური?
"პირველ რიგში, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მეორე, ვიტყოდი, რომ დიდი სიამოვნებაა, როდესაც ხალხს და ქვეყანას ემსახურები. მე ამ საქმეს სრულად მივეკუთვნები. აქ საქმე ასაკში კი არაა, მთავარია, რა საქმეს აკეთებ - ეს არის ქმედებები, მიღწეული მიზნები, შედეგები ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის", - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა.





