კეზერაშვილის საქმე

წულუკიანი: იმედია, ფრანგი მოსამართლე პირუთვნელ გადაწყვეტილებას მიიღებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე დღეს დაგემილ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საფრანგეთში, ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. მან კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ საფრანგეთის პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა არ დააყენა. იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ პროკურატურა არის მხოლოდ მხარე, რომლის პოზიციაც მოსამართლეს შეუძლია არ გაითვალისწინოს.

“მოსამართლეს შეუძლია გაიზიაროს მხარის პოზიცია ან არ გაიზიაროს. ამ შემთხვევაში პროკურატურა არის მხოლოდ და მხოლოდ მხარე. რომც წარმოვიდგინოთ, რომ საფრანგეთის სასამართლომ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ექსტრადიციაზე უარს გვეტყვიან. ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილება გადატანილია თებერვლის ბოლოსთვის”, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ძალიან კომპეტენტურად იძიებს დავით კეზერაშვილის საქმეს.

"მე იმედი მაქვს, რომ ფრანგი მოსამართლე მიიღებს პირუთვნელ გადაწყვეტილებას და ის დატვირთული არ იქნება იმ პოლიტიკური განცხადებებით, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და დაცვის მხარე აკეთებს. დღეს საფრანგეთში, ჩვენი დროით დღის მეორე ნახევარში გაიმართება მორიგი პროცესი, სადაც განიხილება აღკვეთის ღონისძიების საკითხი, კერძოდ, პატიმრობის შეცვლა-არშეცვლის თემა. მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის სასამართლოში დღეს გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს გირაოს სანაცვლოდ. რაც შეეხება მის საქართველოში ექსტრადირებას, ეს საკითხი 27 თებერვლის პროცესზე გადაწყდება.

საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სასამართლოში წინა კვირას გამართულ სხდომაზე, ფრანგმა პროკურორმა უარი განაცხადა კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე. მისი თქმით, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კეზერაშვილი ყოფილი მაღალჩინოსანი და ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირია. ეს კი, პროკურორის განცხადებით, ეჭვს ბადებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სასამართლო ე.წ. სპირტის ბიზნესის საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებს.

დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 15 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს. ის ნიცის აეროპორტიდან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიემგზავრებოდა.

კომენტარები