მუხროვანის ამბოხი

ეკა ბესელია: უნდა მოხდეს ვიდეომასალაში ასახული ფაქტების უსწრაფესი გამოძიება

ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რამდენიმე საათის წინ იტნერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს თუ როგორ გეგმავენ სპეცოპერაციას სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები (მათ შორის დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი), საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ვანო მერაბიშვილი სამხედროებს მიმართავს: „დავკითხოთ ვიღაცეები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია". ბესელიას თქმით, უნდა მოხდეს კადრებში ასახულ ფაქტების გამოძიება და გარემოებების დადგენა.

"სამხილი არ არის წინა ხელისუფლების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენის მადასტურებელი? ეს არის საკმარისი დავინახოთ როგორ გაიცემოდა დავალება როდის რამდენი გვამი ჭირდებოდა წინა ხელისუფლებას შეთქმულების სცენარის მოსამაზადებლად...ყველას გვახსოვს 6 მაისი...როგორ ჩაცხრილეს კრილაშვილი, როგორ დააკავეს ,,მუხროვანის ამბოხის,, მონაწილენი და როგორ გაასამართლეს უკანონოდ. ეს ადამიანები ჩვენ სამართლიანად ვაღიარებთ პოლიტიკურ პატიმრებად. ამ საქმეს კი გამოძიება ჭირდება.პროკურატურამ უსწრაფესად უნდა დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს ყველა გარემოება. შემზრავია რასაც ვუყურებთ, როგორ იდგმებოდა სცენარი და როგორ იმეტებდნენ ადამიანებს... პრემია ადამიანის სიცოცხლის საფასურად-აი სისტემა რომელიც შექმნა სააკაშვილმა-მერაბიშვილმა, უგულავამ და ა.შ მათი პასუხისმგბელობის საკითხის გარკვევაა პოლიტიკური დევნა? უმძიმესი დანაშაულობები იყო ჩადენილი ეს წლები და ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და სახელდარქმეული," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ Youtube-ზე სავარაუდოდ 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

„დავკითხოთ ვიღაცეები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია" - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

Youtube-ზე ხსენებული ვიდეო სამი საათის წინ აიტვირთა. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

 

კომენტარები