გრემი 2014

გრემის 56-ე დაჯილდოების შედეგები

wpmedia.arts.nationalpost.com

ლოს ანჯელესში გრემის 56-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შოუს აშშ-ის მასშტაბით რეკოდული რაოდენობის მაყურებელი - 28,5 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

წლის ალბომად Daft Punk-ის Random Access Memories დასახელდა. ნამუშევარმა აგრეთვე საუკეთესო დენს/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფრანგული დუეტის მიერ ფარელ უილიამსთან და სტივი უანდერთან ერთად შესრულებული სიმღერა Get Lucky სთეიფლს ცენტრში გამართული ცერემონიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენად იქცა. ამავე სიმღერამ პირველობა არავის დაუთმო წლის მუსიკალური ჩანაწერისა და დუეტის ან ჯგუფის მიერ პოპ სიმღერის საუკეთესო შესრულების ნომინაციებში. ფარელ უილიამსმა კი, წლის პროდუსერის წოდება მოიპოვა.

წლის სიმღერად Royals გამოცხადდა, ახალზელანდიელი მუსიკოსის ლორდის შესრულებით. მომღერალმა აგრეთვე პოპ კომპოზიციის საუკეთესო სოლო შესრულებისთვის დაწესებული გრემი მოიპოვა.

წლის საუკეთესო როკ ალბომად Led Zeppelin-ის Celebration Day დასახელდა, საუკეთესო როკ სიმღერად კი, Cut Me Some Slack - პოლ მაკარტნისა და ჯგუფ Nirvana-ს ყოფილი წევრების დეივ გროლის, კრისტ ნოვოსელიჩის და პეტ სმირის შესრულებით. საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი Vampire Weekend-ის Modern Vampires of The City გახდა.

როკ სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის გრემი Imagine Dragons-გადაეცა, ჰარდ როკ/მეტალ კომპოზიციის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო კი Black Sabbath-ს ერგო წილად.

წლის საუკეთესო ინსტრუმენტული პოპ ალბომის ნომინაციაში გამარჯვებული ჰერბ ალპერტის Steppin’ Out გახდა, პოპ ვოკალურ ალბომის ნომინაციაში -  ამერიკელი მომღერლის ბრუნო მარსის Unorthodox Jukebox.

საუკეთესო ახალბედა არტისტისთვის დაწესებული გრემი ჰიპჰოპ შემსრულებლის მაკლემორის და პროდუსერისა და დიჯეის რაინ ლიუისის დუეტმა მოიპოვა. მათვე სიმღერისთვის Thrift Shop - რეპის საუკეთესო შესრულებისთვის, ხოლო ალბომისთვის The Heist - წლის საუკეთესო რეპ ალბომისთვის დაწესებული გრემი მიიღეს.

R&B ჟანრში გრემი მოიპოვეს ალიშა ქისმა ალბომისთვის Girl on Fire და ჯასთინ თიმბერლეიქმა სიმღერისთვის Pusher Love Girl. რიანას ალბომმა Unapologetic კი, წლის საუკეთესო თანამედროვე ურბანული ალბომისთვის დაწესებული გრემი მიიღო.

კომენტარები