საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც მთავრობამ ბიუჯეტის ხარჯზე ავტომობილების შეძენის, ჩანაცვლებისა და გადანაწილების წესი დაამტკიცა, თქვა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული მიმართულებით შეზღუდვა მას შემდეგ დააწესა, როდესაც ყველა მაღალი თანამდებობის პირს სახელმწიფო სახსრებით ავტომობილი უკვე შეძენილი ჰქონდა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფაქტობრივად მილიარდიანი გარღვევა იყო გასული წლის ბიუჯეტში, მაგრამ სახელმწიფომ არაერთი ძვირადღირებული ავტომობილი შეისყიდა. ყველა მინისტრსა და მოადგილეს ახალი, ძვირადღირებული მანქანები ჰყავს და ახლა იღებენ ამ ყველაფრის შეზღუდვას. ვინღა უნდა იყიდოს ძვირადღირებული და პირველი კლასის ავტომობილი, როდესაც ყველას ნაყიდი ჰყავს და ყველა ახალი მანქანებით დადის, რომელთა ღირებულება 100 000 და 150 000 ლარს აჭარბებს", - აღნიშნა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ზოგადად სწორია, რომ სახელმწიფო არ უნდა ფლანგავდეს თანხებს ძვირადღირებულ ავტომობილებში.





