ლარსი ჰესი

კალაძე: ქართული ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურად განავითარებს

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ქართული ენერგეტიკა მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურ განვითარებამდე და კეთილდღეობამდე, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ლარსი ჰესის გახსნაზე განაცხადა. 

კალაძის თქმით, ლარსი ჰესის ამუშავებით დაბა ყაზბეგის რეგიონი გამოცოცხლდება. მოსახლეობა მოვლენების ეპიცენტრში იქნება და ახალგაზრდებისთვის აქ დასარჩენად, რეგიონი უფრო მიმზიდველი გახდება.

"ესეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა. როგორც ვიცი, მოწესრიგდა მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც გადის ტურისტული თუ კომერციული მარშრუტები, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები, იქნება მუდმივი ელექტრომომარაგება, ხალხი იქნება დასაქმებული, მოსახლეობა იქნება მოვლენების ეპიცენტრში, ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა იქნება უკვე საინტერესო და მიმზიდველი. რეგიონი ფეხზე დადგება". 

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, თითოეული მოქალაქე ვალდებულია, თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულოს, რადგან ენერგეტიკა ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ: თითოეული მოქალაქე ვალდებულია, სრულყოფილად შეასრულოს ის სამუშაო, რაც ევალება მას, დაწყებული ამ ჰესზე მომუშავე პერსონალით და დასრულებული ქვეყნის მთავრობით. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა დარგი, ყველა პროექტი მიბმულია ერთმანეთზე და მხოლოდ ერთობლივი მუშაობა და საერთო ძალისხმევა მოგვცემს ისეთ ეკონომიკურ ეფექტს და წინსვლას, როგორიც ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე, ქართული ენერგეტიკა კი მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურ განვითარებამდე და კეთილდღეობამდე", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ლარსი ჰესი დაბა ყაზბეგში გაიხსნა. მდინარე თერგზე მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ლარსი ჰესის მშენებლობაზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი დიდი ნაწილი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო. ჰესის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტზე 40 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კომენტარები