თვითმმართველობის კოდექსი

კოჟორიძე: საკრებულოს უნდობლობის უფლება პირდაპირ არჩევნებს აკნინებს

Medianews

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, პირდაპირი არჩევნების არსს აკნინებს ის, რომ წარმომადგენლობით ორგანოს არჩეული პირისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება ექნება. კოჟორიძე შესაბამის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი მექანიზმის ამოქმედება დემოკრატიას პრობლემებს შეუქმნის.

"თვითმმართველობის შესახებ კოდექსის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლუსია ის, რომ პირდაპირი არჩევნებით აირჩევა გამგებლები და ამ პირდაპირი არჩევნების არსს აკნინებს ის, რომ წარმომადგენლობით ორგანოს ექნება უნდობლობის გამოცხადების უფლება, ანუ უფლება, რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გადააყენოს თანამდებობიდან პირდაპირი გზით არჩეული პირი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემას შეუქმნის დემოკრატიას, რადგან თუ არჩეული პირი ჩაიდენს დანაშაულს, მოქმედ კანონმდებლობაში ისედაც არსებობს მისი თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი და დამატებითი მექანიზმის შემოღება უნდა იყოს შეზღუდული", - თქვა კოჟორიძემ.

პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კოჟორიძემ თქვა, რომ მან გიორგი მარგველაშვილთან ისაუბრა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი მექანიზმის შექმნის აუცილებლობასა და მოწმის დაკითხვის წესის გადადებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

"საუბარი შეეხო საარჩევნო თემატიკასაც, თუმცა ითქვა ის, რომ არჩევნებამდე სისტემური რეფორმების მოსწრება ძალიან რთულია. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ტიპის შეხვედრებს მისცემს რეგულარულ ხასიათს",- განმარტა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს თვითმმართველობის კოდექსის პროექტიდან უნდობლობის მექანიზმის ამოღებისკენ მოუწოდებენ.

მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

კომენტარები