თვითმმართველობის კოდექსი

12 თვითმმართველი ქალაქის მერს, სავარაუდოდ, 40%-იანი ბარიერით აირჩევენ

12 თვითმმართველი ქალაქის მერს, სავარაუდოდ, 40%-იანი ბარიერით აირჩევენ. თვითმმართველობის საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრო. მთავარი თემა, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაწესებულ ბარიერს უკავშირდება. ახალი ინიციატივით, დედაქალაქის მერს 40%-იანი, ხოლო რაიონებში გამგებლებს 30%-იანი ბარიერით აირჩევენ. 

"უბარიერო სისტემით ვირჩევთ საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 30%-იანი ბარიერია დაწესებული თბილისის მერისთვის. ჩვენ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მერებს და გამგებლებს პირდაპირი წესით ვირჩევთ და როდესაც 40%-იან ბარიერთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის მერისთვის საარჩევნო ბარიერი იზრდება 10%-ით. მაგალითად, იერუსალიმის მერს ირჩევენ 40%-იანი ბარიერის პირობებში და არა მგონია, რომ იერუსალიმის მერის მუშაობით რომელიმე პოლიტიკური ძალა უკმაყოფილო იყოს", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას კონსენსუსის გზით მიიღებენ. კრიტიკული შენიშვნები აქვს საპარლამენტო ოპოზიციას.

"ჩვენ მზად ვართ, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, ამ კვირის განმავლობაში გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობასთან. იმ სახით და იმ ფორმით, რაც დღეს არის წარმოდგენილი თვითმმართველობის კოდექსი, ხმამაღლა გამოცხადებული რეფორმიდან არაფერი დარჩა. პრაქტიკულად, რეფორმატორული და ის, რაც თვისობრივად ცვლის და აუმჯობესებს სისტემას, არაფერი არ დარჩა. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა", - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე.

შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრება. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის თქმით, როგორც მერების, ისე გამგებლების არჩევა 50%+1 ბარიერით უნდა მოხდეს.

"ყველა ოპოზიცია აყენებს საკითხს, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს 50%+1. ხოლო ყველა ხელისუფლება ან ხელისუფლებაში გადასული ოპოზიცია ივიწყებს ამ დანაპირებს. საკითხი დგას მარტივად, უმრავლესობამ უნდა მართოს უმცირესობა თუ უმცირესობამ უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება? როცა გაქვს 40% ან 33%, ანუ ხარ უმცირესობა და გაქვს სურვილი, რომ უმცირესობიდან მართო უმრავლესობა. როცა გაქვს 50%+1 ანუ გაქვს უმრავლესობა. მსოფლიოსთვის ეს არის აი ია, საქართველოსთვის კი, სამწუხაროდ, ასე არ არის", - აცხადებს მამუკა კაციტაძე

მერების არჩევნებში 40%-იანი ბარიერის დაკანონებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მიუღებელია არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისათვისაც. ამ საკითხის განსახილველად დღეს რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი შეიკრიბება. არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას თვითმმართველობის ახალი კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებში მათი აზრის გათვალისწინებას სთხოვს.

კომენტარები