საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მარგველაშვილი: ტერიტორიების ოკუპაციას მოქალაქეები და მთავრობა არ შეეგუებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე, არცერთი ხელისუფლება და არც მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ შეეგუება.

"ყველა ქვეყანა, რომელიც სოჭის ოლიმპადაში მონაწილეობს, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორ პოზიციაზე ვდგავართ, როდესაც მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვით, ჩვენი პარტნიორების გააქტიურებით ვცდილობთ, კონსტრუქციულად, მაგრამ პრინციპულად გადავჭრათ არსებული პრობლემა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებას თბილისის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ, რეგიონში შექმნილი რეალობის არაღიარება ამუხრუჭებს.

"საქმე არა ფორმალობაში, არა დიპლომატიური ურთიერთობების არქონაშია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია იმ რეალობის შეცვლა, რომელიც სააკაშვილის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ შეიქმნა. პრაქტიკული კუთხით ძალიან ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას - საქართველოს მიერ იმ რეალობის არაღიარების პრობლემას, რომელიც რეგიონში შეიქმნა. პერიოდულად ეს დაამუხრუჭებს და შეაფერხებს ჩვენს ურთიერთობებს", - აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები