მინისტრების ხელფასი

პრემიერის ბრძანებით, მინისტრების ხელფასი 6300-ის ნაცვლად 5000 ლარი იქნება

მინისტრებს სახელფასო დანამატი უმცირდებათ. საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით მიიღო.

"ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ. ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდება", - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში.

შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრების ყოველთვიური შემოსავალი 7835 ლარამდე 2013 წლის მარტში გაიზარდა. მინისტრის ხელფასი იქამდე, 3500 ლარით განისაზღვრებოდა. ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით კი, მათ ყოველთვიურად 4335 ლარის ოდენობის დანამატი დაუწესდათ. შესაბამის ბრძანებას ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 15 მარტს მოაწერა ხელი.

"საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი თითოეულს თვეში 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით", - ეწერა ბრძანებაში.

კომენტარები