ეკონომიკური საბჭოს სხდომა

საქართველოს მთავრობა სტრატეგიული ობიექტების ნუსხას შეადგენს

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი

საქართველოს მთავრობა სტრატეგიული ობიექტების ნუსხას შეადგენს. ეს დავალება მთავრობას საქართველოს პრემიერმინისტრმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მისცა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ნუსხაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება მოხვდება. მისივე თქმით, ინიციატივა არ ეხება კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მათთან ურთიერთობაში სახელმწიფო გამოდის იმ ხელშეკრულებით, რომელიც მათთან უკვე გაფორმებულია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, კრიტერიუმები საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით განისაზღვრება. იმ ობიექტებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, სპეციალური სამუშაო ჯგუფი გამოავლენს. სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში, შესაძლოა მოხვდეს, მაგალითად, საქართველოს რკინიგზა ან სატელევიზიო ანძა. "ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ნუსხა უნდა არსებობდეს. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს კრიტერიუმები, როდესაც თუნდაც ამა თუ იმ ობიექტის გასხვისება განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები