ხელოვნება

დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ

ინტერვიუ ერმილე მაღრაძესთან

„კაცობრიობის ევოლუციის მანძილზე, მრავალი საოცრების გვერდით, რომელიც ადამიანმა შექმნა ქურაზე ანთებული ცეცხლის საშუალებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიაა", – ამბობს ერმილე მაღრაძე, ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგი და ოსტატი, რომელმაც შუა საუკუნეების ტექნოლოგიების საფუძვლიან და მეცნიერულ კვლევას ოცდაათ წელზე მეტი შეალია. მის მიერ ძველი მეთოდებით 1990 წელს დამზადებული მინანქრის მედალიონის ასლი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და მისი ნახვა ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია. დეკემბრის თვეში, მინანქრის ხელოვნების უკეთ გაცნობის საშუალება დაინტერესებულ პირებს, ერმილე მაღრაძემ ახალი პროექტის საშუალებით მისცა.

A copy of one of the medallions on the Khakhuli triptych.
„დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ" – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით და იუნესკოს ეგიდით განხორციელებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც ერმილე მაღრაძემ განვითარებული შუა საუკუნეების სახელოსნოს სრული პანორამა აღადგინა და მიღებული იარაღებითა და ხელსაწყოებით, არქაული მინის ხარშვისა და ლითონის დამუშავების ხერხების გამოყენებით, ქართული ტიხროვანი მინანქრის ერთ-ერთი მედალიონის ასლი დაამზადა, რომელიც გამოფენაზე დანარჩენ ხელსაწყოებთან ერთად იქნა წარმოდგენილი. მუშაობის პროცესი მუხრან მახარაძემ გადაიღო ფილმად, რომელში თავმოყრილი დოკუმენტური მასალაც იმდენად მდიდარი და საინტერესოა, რომ ის ნამდვილად დიდ ინტერესს აღძრავს ხელოვნების ისტორიის ნებისმიერ მკვლევარსა თუ მოყვარულში. და მეტიც, ამ კადრებით თავისუფლად შეუძლია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა კათედრამ, სადაც ბიზანტიური ხელოვნების ისტორია ისწავლება.

შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნება, მდიდრული ხელოვნებაა. ბიზანტიური მოზაიკისა და მინანქრის ბრწყინვალება ცოტას თუ ტოვებს გულგრილს, ამის დასტურია გრძელი რიგები ტაძრებსა და მუზეუმებში ბიზანტიური ხელოვნების საექსპოზიციო დარბაზებთან, დამთვალიერებელთა რაოდენობა ვენეციის სან მარკოს ტაძრის საგანძურთან, სადაც კონსტანტინოპოლის განძი, მათ შორის – წმინდა მარკოზ მახარებლის საფლავზე აღმართული ცნობილი პალა დ'ოროა დაცული, რომელიც კონსტანტინოპოლის პანტოკრატორის ტაძრის სამი იკონოსტასიდან ამოღებული მინანქრების კოლაჟს წარმოადგენს.

მსოფლიოში ქართული და ბიზანტიური მინანქრის ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. აქვე ინახება ხახულის ღვთისმშობლის კარედი, რომელსაც თავისი სიმდიდრით ხშირად ადარებენ ვენეციურ პალა დ'ოროს. თუმცა, თუკი იმ ვენეციელ ოსტატებს, რომლებმაც პალა დ'ოროში თავი მოუყარეს ბიზანტიურ მინანქრებს, იმთავიდანვე დიდი კრიტიკა ხვდათ წილად, ხახულის ღვთისმშობლის ჭედურობა, თავისი ძალდაუტანებლობითა და ბრწყინვალებით, არა მხოლოდ ქართული, აღმოსავლური ქრისტიანობის აბსოლუტურ შედევრს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში, მოძიებული მასალებით შესრულებული ნამუშევარი სწორედ ხახულის კარედის ერთ-ერთი მედალიონის ასლია, რომელზეც სვიმეონ მოციქულია გამოსახული.

ერმილე მაღრაძე: „საბედნიეროდ, შემორჩენილია ისტორიული წყაროები, ეს პროექტი შუა საუკუნეებში მოღვაწე ბერის – თეოფილუს პრესვიტერისა და ვახტანგ მეექვსის ტრაქტატებზე დაყრდნობით ხორციელდება და მის ფარგლებში ვიმეორებთ ძველი ოსტატების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს – ძველად სახელოსნოები მუშაობდნენ ამ ფორმით, მათ არ ჰქონდათ თანამედროვე საშუალებები და რაც ჰქონდათ, იმით აღწევდნენ შედეგს, რომელიც გაცილებით მაღალ ხარისხშია წარმოდგენილი, ვიდრე ამას დღეს ვხვდებით. ეს ტექნოლოგია გავრცელებული იყო ორ სამყაროში – ბიზანტიასა და საქართველოში და ჩვენთან მოიპოვება ყველა ის მასალა, რომელიც ესაჭიროება ტიხროვან მინანქარს: მინის შემადგენელი კომპონენტები, მეტალი, მინანქრის საფუძვლისთვის საჭირო ოქრო, ვერცხლი, სპილენძი. ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე ექსპედიცია მოვაწყვე მთიან რეგიონებში, რომ მოგვეპოვებინა საჭირო ნედლეული, რომელიც დაიფქვა და დამუშავდა იმ წესით, რასაც აღწერენ თეოფილუს პრესვიტერი და ვახტანგ მეექვსე.

ერმილე მაღრაძე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი და საგანძურის განყოფილებაში ძვირფასი მეტალისა და მინის ტექნოლოგ-რესტავრატორია. წლებია, ქართულ და ბიზანტიურ ნამუშევრებს უვლის და პატრონობს. იმპერიულ გავლენებზე საუბარს არ ერიდება, თუმცა დამოუკიდებელი ქართული სკოლების არსებობა განსაკუთრებით ეამაყება:

„ბიზანტიურ და ქართულ მინანქარს შორის განსხვავებებსა და გავლენებზე საუბარი საკმაოდ რთულია. მე არ ვიქნები „ურაპატრიოტი", რომელიც დაიწყებს მტკიცებას, რომ ყველაფერი ქართულია, მაგრამ რომ არსებობს დამოუკიდებელი ქართული სახელოსნოები, უტყუარი და უდავო ფაქტია. თუნდაც ის, რომ არსებობს ვახტანგ მეექვსის ტრაქტატი, „ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა", სადაც მოტანილია სხვადასხვა ფერის მინის ხარშვის მეთოდები. ამის მიხედვით, გამოვთვალე წონის ერთეულები, ჩავატარე ცდები და მინა მშვენივრად იხარშება. მეთხუთმეტე საუკუნიდან ქართული სახელოსნოები წყვეტენ მუშაობას, მაგრამ ის, რომ ვახტანგ მეექვსემდე მივიდა ეს ცოდნა, ნიშნავს, რომ ამ ორ საუკუნეში ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს. ამას მკვლევრები არც აქცევენ ყურადღებას და არასერიოზულად უყურებენ ამ ჩანაწერებს, თითქოს ეს არ შეეფერება სინამდვილეს. სინამდვილეში კი, ვახტანგმა იცოდა მინის ხარშვა და ეს იმ დროს, როდესაც ბიზანტია უკვე განადგურებული იყო. მეფე იყო და მოიკითხა ოსტატები, რომლებისგანაც ჩაიწერა ფორმულები, ჩაატარა ცდები და მიიღო ის, რაც სჭირდებოდა. და თუ ეს ცოდნა მეთვრამეტე საუკუნეში არსებობს, ვითომ, რატომ არ იქნებოდა უფრო ადრე?

“Colchian lid” created by Ermile Maghradze.
ფოტო: Mukhran Makharadze
ჩემი ხელით მაქვს გაწმენდილი და კონსერვირებული მოდინახეს გათხრებში მოპოვებული, ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნით დათარიღებული საყურეები და ბეჭდები, სადაც დაფიქსირებულია ინკრუსტაციები, რომელიც, მოგეხსენებათ, ტიხროვანი მინანქრის წინამორბედი ტექნოლოგიაა. მსგავსი ნივთები ძალიან ბევრია. აქვე მცხეთაში და მის მიდამოებში, ორბეთში, იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფერადი მინის საწარმო არის დაფიქსირებული, ქურა და ყველა ფერის მინაა აღმოჩენილი. როცა ასეთი რაღაც და კიდევ უფრო ადრეული მინის სამკაულები გაქვს მოპოვებული, ამის მერე, რანაირად უნდა ვთქვათ, რომ ბიზანტიაში იხარშებოდა ჩვენი მინანქრები. თუმცა, იმისი თქმაც სისულელეა, რომ მარტო საქართველოში იყო ეს ტექნოლოგია და ბიზანტიაში აქედან ჩავიდა ყველაფერი.

აი, ჩვენ დაბადებული ვართ საბჭოთა სივრცეში და დღემდე, გარკვეულწილად, საბჭოთა სივრცეში ვცხოვრობთ. ამხელა იმპერიის ნაწილი ვიყავით, მაგრამ ჩვენს დამოუკიდებელ ყოფას ხომ ვინარჩუნებთ? ბიზანტია უზარმაზარი იმპერია იყო, კონსტანტინოპოლში ბრწყინვალე სახელოსნოები მუშაობდა და იქ ყოფნა მოდური იქნებოდა, ბუნებრივია. მაგრამ რაც არ უნდა ილაპარაკონ ბერძნებმა, სადღაც აქ, ჭიათურა-საჩხერე-ვანის მიდამოებშიც ნამდვილად არსებობდა დამოუკიდებელი სახელოსნოები და ნამდვილად მუშაობდნენ ქართველი ოსტატები".

ტიხროვანი მინანქრის ტექნიკით შესრულებული უდიდესი ნამუშევრები, ძირითადად, განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და მათზე მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირები მუშაობდნენ. ერმილე მაღრაძის თქმით, თითოეულ ნამუშევარზე მისი შემქმნელი ოსტატის სულიერება და ეპოქისთვის მახასიათებელი მსოფლმხედველობა აისახება.

ბუნებრივია, ყველა ნამუშევარს ემჩნევა ეპოქის კვალი და ეს ხელოვნება ტყუილად უნდათ, რომ დღევანდელობაში გაიმეორონ. თუ არ იქნება ის მიმართება სულიერ სამყაროსთან, რა სიღრმისეული სულიერი დამოკიდებულებითაც ამას აკეთებდნენ ძველი ოსტატები. ცნობილია, რომ ხატმწერები პირდაპირ ჭვრეტდნენ ხატებს და ისე გადმოჰქონდათ თავიანთ ნამუშევრებში, მაგრამ ეს იყო ცნობიერი გააზრება სამყაროსი, ცოცხალი დამოკიდებულება. ადამიანი იყო ცნობიერად შუამავალი სულიერ და ფიზიკურ სამყაროს შორის და მათ ნამუშევრებს ეს ეტყობა კიდეც. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რადგან მეათე საუკუნისაა, ყველა კარგია. ბევრია სუსტი ნამუშევარიც, მაგრამ მათ შორის გიგანტები არიან, რომლებმაც ძალიან მაღალი დონის ძეგლები შეგვიქმნეს. როგორც აქ, ისე ბიზანტიაში.

მეთხუთმეტე საუკუნეში ტიხროვანი მინანქარი მოდიდან გადავიდა, ასეთი რამ აღარ სჭირდებოდათ თანამედროვე ადამიანებს. ზოგადად, მეთოთხმეტე საუკუნის დასასრული-მეთხუთმეტე საუკუნე ის პერიოდია, როცა ადამიანი მთელ მსოფლიოში ძირფესვიანად იცვლის თავის დამოკიდებულებას სამყაროსადმი. ეს ყველაფერში თავის ანაბეჭდს ტოვებს. მანამდე ადამიანს სულიერი სამყაროსადმი სხვა დამოკიდებულება ჰქონდა, სულ აღმოსავლეთისკენ და ანგელოზებისკენ იყურებოდა. ამ პერიოდში კი ზურგს აქცევს და პრაგმატული ხდება. შესაბამისად, ამ ეპოქის ქართული, ევროპული ან თუნდაც რუსული ჯვარ-ხატები სულ სხვანაირადაა წარმოდგენილი. მაგალითიად, ქვის დამუშავება: ამ პერიოდამდე, ადამიანი შესამკობად განკუთვნილ მინერალს რომ მოიპოვებდა, ოდნავ მოეფერებოდა, გააკრიალებდა, თავის ჩარევის კვალს ზედმეტად არ დააჩნევდა, რაც ღმერთმა შექმნა, ისე ტოვებდა და ამაგრებდა თავის ადგილას, რომ მედიტაციაში მყოფ ადამიანს მიხმარებოდა, საფირონი იყო ეს თუ ლალი.

The cross created for Pope of Rome Benedict XVI.
ხოლო მეთოთხმეტე საუკუნიდან, ადამიანი იწყებს მინერალის გააზრებულად, გეომეტრიულ ფორმებში დამუშავებას, დაწახნაგებას. ამ პერიოდის ადამიანი ვეღარ ეგუება ბზარებს, უსწორმასწორო ფორმებს, ზედაპირი აუცილებლად მოვლილი უნდა იყოს. ასევე, მინანქარიც, რომელიც ბზარს ან ბუშტუკებს ატარებს, რაც ტიხროვან მინანქარში ჩვეულებრივად ითვლებოდა ყოველთვის, მისთვის წუნიანია. ტიხრების სიმაღლე, მოგეხსენებათ, არის 2, შეიძლება სამი მილიმეტრიც, შესაბამისად, X-XI საუკუნის ბიზანტიურ და ქართულ ნამუშევრებს უამრავი ბზარი გასდევს.

მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ კი ევროპული მინანქარი ხდება ძალიან თხელი იმიტომ, რომ ეს დეფექტები რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს ოსტატმა, შესაბამისად, მათ მიერ დამზადებული ნივთები იდეალურია – გაკრიალებული ზედაპირი, ხასხასა და მოვლილი ფერთა პალიტრა. მაგალითად, ფაბერჟე რომ ავიღოთ, მის მინანქრებში ვერ ნახავთ ვერცერთ გვერდზე გადახრილ ხაზს, დეფექტს ვერ გადააწყდებით და მხოლოდ იდეალურ გეომეტრიულ ფიგურებს ნახავთ.

მისი ნამუშევარი ბევრ ტაძარშია დაცული და სწორედ ერმილე მაღრაძეს შეუკვეთა ვატიკანის ქართულმა ნუნციატურამ ახლადკურთხეული რომის პაპის, ბენედიქტე XVI-ისთვის საჩუქრად გადასაცემი ჯვარი. თუმცა, ძირითადად, სამეცნიერო საქმიანობითა და კვლევებითაა დაკავებული და კერძო შეკვეთებისთვის დრო თითქმის არ რჩება. ნუნციო კლაუდიო გუჯეროტის თანადგომით, რამდენიმე ახალგაზრდა ოსტატი გამოზარდა და მეცენატის გამოჩენის შემთხვევაში, პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელების სურვილი აქვს, „თუ ამ საქმეში ვინმე ფულს ჩადებს, ისე, რომ მის უკან ამოღებას არ მოითხოვს". გარდა ამისა, აპირებს მრავალწლიან კვლევებს ერთ წიგნად მოუყაროს თავი, რომელიც, გარკვეულწილად, სახელმძღვანელო იქნება დაინტერესებული ადამიანებისთვის:

„მინდა დავწერო, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ხელოვნება. ძალიან ბევრი ტყუილ-მართალია ერთმანეთში აზელილი. ძალიან ცუდია, რომ ვინმეს ვუსაყვედურო, მაგრამ არ უნდა იკადრონ ის, რასაც ბევრი კადრულობს, ეს კომერციულ, ფულის საკეთებელ საქმედ აქციეს და დამახინჯდა ყველაფერი. გაივსო ჩვენი ტაძრები მდარე და იაფფასიანი ნივთებით და არავინ ამაზე ხმას არ იღებს. ესაა ტყუილი, რომელიც სამომავლოდ, გარკვეულ დაღს დაასვამს ჩვენი ერის კულტურულ განვითარებას".

კომენტარები