საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სასაზღვრო ზოლი დროებით იცვლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართულმა მხარემ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე და რომ აქ სპორტი არაფერ შუაშია. იმ დროს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე დამატებით წიაღსვლებს აქვს ადგილი ოლიმპიადის მომიზეზებით, ეს არის საქართველოსადმი რუსული დამოკიდებულების ლეგიტიმაცია. როდესაც ოლიმპიადა ტარდება ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს და საერთოდ ამ ოკუპაციას ადგილი აქვს, ეს უკვე უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი ჩვენი ხელისუფლებისთვის, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. თუმცა მთავრობას ძალიან უჭირს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და რუსეთთან რაიმე პირობების დაწესების გარეშე დიალოგი ურჩევნია ყველაფერს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის დადგენილების თანახმად, გაგრის რაიონის სასაზღვრო ზოლმა რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში 11 კილომეტრით, ანუ რუსეთ-საქართველოს საზღვარმა მდინარე ფსოუდან აფხაზეთის სიღრმეში, ბაგრიპშის დასახლებულ პუნქტამდე გადაიწია. აღნიშნული ზონა რვა დასახლებულ პუნქტს (ბაგრიპში, ხაშსი, ხიშხა, მახადირი, მკლიალრიპში, ლაპსტახა, გიაჩრიფში და ცანდრიპში) მოიცავს. დროებითი სასაზღვრო ზონა 20 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით იმოქმედებს.
"მოქალაქეებმა, რომლებიც სასაზღვრო ზონას აღნიშნულ პერიოდში გადაკვეთენ, პირადობის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინონ. რესპუბლიკის "ფსოუ-ენგურის" ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიან მონაკვეთზე, დასახლებულ პუნქტ ბაგრიპშთან ამოქმედდება ერთობლივი სტაციონარული საკონტროლო პუნქტი, რომელზეც უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამიგრაციო სამსახურის თანაშრომლები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ", - განუცხადეს იტარ-ტასს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში.





