უკრაინის რადა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რადას მიერ მიღებული კანონები შემაშფოთებელია

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი კანონების შემოღების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. უწყების განცხადებით, ეს კანონმდებლობა პროცედურების დარღვევით იყო მიღებული და ის ხელს შეუშლის მოქალაქეთა მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვას, ასევე, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას.

"უკრაინელი პარლამენტარებს მოქმედება ეჭვებს ბადებს ქვეყნის ხელისუფლების დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებასთან დაკავშირებთ", - აღნიშნავს ოფიციალური ვაშინგტონი.

მიღებული კანონების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს ბრიუსელიც. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის თქმით, უკრაინის რადის მიერ მიღებული კანონები კიევის საერთაშორისო ვალდებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

"ღრმად შეშფოთებული ვარ კიევში განვითარებული მოვლენებით. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო პროცედურებისა და დემოკრატიული პრინციპების სათანადო დაცვის გარეშე, დაჩქარებულ რეჟიმში მიიღეს", - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის ოფიციალურ განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკრაინის პრეზიდენტს კანონების გადახედვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამგვარი ზომები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტას ხელს არ შეუწყობს.

გუშინ უკრაინის უმაღლესმა რადამ რამდენიმე კანონპროექტი მიიღო, რომელიც ზღუდავს დემონსტრაციების ჩატარებას. ასევე დაწესდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის და ე.წ. ექსტრემისტული საქმიანობისთვის. სავალდებულო გახდა ე.წ. უცხო აგენტად რეგისტრირება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის. ოპოზიციამ ხელისუფლება რეპრესიებისთვის მზადებასა და სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა.

კომენტარები