გიორგი გვიჩიანის საქმე

გვიჩიანისა და ჩემიას ადვოკატები: ირაკლი შოთაძემ პრემიერი შეცდომაში შეიყვანა

უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, ირაკლი შოთაძეს პრემიერის სიცრუეში შეყვანაში ადანაშაულებენ. ადვოკატების,  ირმა ჭკადუასა და მალხაზ ჯანგირაშვილის თქმით, ირაკლი შოთაძე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სრულფასოვანი პროკურორი იყო, თუმცა, ეს ფაქტი მან პრემიერს დაუმალა.

„პრემიერმა გუშინ გააკეთა განმარტება, რომ მას ჰქონდა შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან. როგორც პრემიერმა განაცხადა, ირაკლი შოთაძეზე ინფორმაცია აქვს, რომ საქმის განხილვისას ის რიგითი სტაჟიორი იყო და ამ საქმეზე არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს. ამის შესახებ მას ირაკლი შოთაძემ უთხრა თავად. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ შეცდომაში იქნას შეყვანილი პრემიერმინისტრი. შოთაძე, პირველ ინსტანციაში გვევლინებოდა როგორც სტაჟიორი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში თავდაპირველი განხილვის დროს იყო სრულუფლებიანი პროკურორი და მხარს უჭერდა ბრალდებას. ამას ადასტურებს პროკურორის მთავარი პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ როდიდან არის ირაკლი შოთაძე პროკურორი", - აღნიშნა მალხაზ ჯანგირაშვილმა. მისივე თქმით, თავად ირაკლი შოთაძე აწერს ხელს საბრალდებო დასკვნას.

ირმა ჭკადუას თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძე იქნება მთავარი პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირი, ამან შეიძლება გამოძიებას ხელი შეუშალოს.

„ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დნმ-ის დამალვის ფაქტზე გამოძიება. დამალვაში ერთ-ერთი დამნაშავე შეიძლება თავად ირაკლი შოთაძეც იყოს. თუ ის იქნება მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, ან თუნდაც მოადგილე, შესაძლოა, მან ხელი შეუშალოს გამოძიებას", - თქვა ჭკადუამ.

ადვოკატებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამავე საქმესთან დაკავშირებით, მათ რამდენიმე განცხადება აქვთ შეტანილი, რომ სხვადასხვა მიმართულებით დაიწყოს გამოძიება. მათი თქმით, შესაძლოა, შოთაძემ ამ გამოძიებებს ხელი შეუშალოს.

კომენტარები