უწყებების ხარჯები

ღარიბაშვილი: იქნება ზუსტი დეფინიცია, რა თანამდებობის პირს რა მანქანა ჰყავდეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სხვადასხვა უწყებების ხარჯებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორია მისი შეფასება, როცა უწყებები ძვირადღირებულ მანქანებს, კომპიუტერებს, ტელეფონებს ყიდულობენ, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ უახლოეს მომავალში შესყიდვის სტანდარტები ცნობილი გახდება.

”ივანიშვილის დავალებით, საქართველოს კანცელარიამ, რომელიც მუშაობდა ამ საკითხებზე, დაამუშავა ის ახალი სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ყველა უწყებამ. იქნება ზუსტი დეფინიცია, რა თანამდებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს. ეს უნდა გაიგოს სწორად საზოგადოებამ, იმიტომ, რომ არ არსებობდა არანაირი სტანდარტი წლების განმავლობაში. ამ ადამიანებმა, უბრალოდ, არ იცოდნენ, როგორი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელათ. 

რაც შეეხება კომპიუტერებს, მობილურებს, უკაცრავად, მაგრამ კომპიუტერის შესყიდვა, მე მგონი, ნორმალურია. კომპიუტერები უნდა შევისყიდოთ. არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებისთვის, არამედ რეგიონებისთვისაც”, - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა პროკურატურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებაც ჰკითხა, რომელთა ნაწილიც ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას აიძულებდნენ და ამიტომაც ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ. 

”ამაზე უკეთესად განმარტებას გააკეთებს მთავარი პროკურატურა. მათ რამდენიმე პროკურორთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტება. მე ვიცი, რომ ეს იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, ბუნებრივია. იქ იყოს სერიოზული პრობლემები მათ საქმიანობასთან დაკავშირებით”, - თქვა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები